ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესია, X–XI სს. ხუროთმოძღვრების ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ალაზნის ვაკეზე, სოფ. ლელიანის სამხრ-ით, დაახლ. 1 კმ-ის მანძილზე, სასაფლაოზე.
ტაძრის ისტორია ვრცელ პერიოდს მოიცავს, რასაც ცხადყოფს სამშ. ფენების სიმრავლე.
აკად. გ. ჩუბინაშვილი, რ-მაც ტაძარი გასული საუკუნის 20-იან წლებში შეისწავლა, მას სამეკლესიიანი ბაზილიკების ერთ-ერთ გვიანდ. ნიმუშად მიიჩნევდა, თუმცა არც იმას გამორიცხავდა, რომ იგი დარბაზული ეკლესია იყო. სამხრ. ეგვტერით და ჩრდ. მხრიდან მცირე სათავსი, რ-იც სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. XVI–XVII სს-ში, ალექსანდრე II-ის მეფობის პერიოდში განხორციელებული აღდგენითი სამუშაოების დროს, ტაძარი გადაუკეთებიათ – მოაწყვეს სამხრ. ნავის შუა ნაწილში კარიბჭე, რ-ის თავზე სამრეკლოს ფანჩატურია აღმართული. მკვლევრის აზრით, ტაძრის თავდაპირველი გეგმა შედგებოდა გვერდიგვერდ განლაგებული სამი ეკლესიისგან და დას. ნავისგან, რ-იც ტაძარს მთელ სიგანეზე გასდევდა.
ეკლესია აგებულია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. მოგვიანებით განახლებულ ნაწილებში, რიყის ქვასთან ერთად გამოყენებულია აგურიც.
მთავარი ნავი ვრცელია. აქვს ორი შესასვლელი: სამხრ-იდან და დას-იდან. მესამე კარი (ამოშენებულია) ჩრდ. კედლის აღმ. ბოლოში იყო გაჭრილი, რ-იც ჩრდ. ნავში გადიოდა. ცენტრ. ნავი აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რ-ის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი თაღოვანი ნიშაა. აფსიდი გადახურულია შეისრულთაღიანი კონქით (გვიანდელია). მსგავსი ფორმისაა კამარაც, რ-იც კონქის თაღის ზემოთაა და მოგვიანებით არის აღდგენილი.
ეკლესიის შიდა სივრცეს საკურთხევლის სარკმლის გარდა, მხოლოდ სამი სარკმელი აშუქებს. მათგან ორი სამხრ-ითაა (გვიანდელია), თავდაპირველი – სარკმლების ზემოთ, ერთი კი – დას-ით. ჩრდ. კედლის აღმ. ნაწილში კიდევ ერთი თავდაპირველი სარკმელია, რ-იც ჩრდ. ნავის სხვენში გადის.
სამხრ. ნავი მთავარ ნავს მთელ სიგრძეზე გასდევს. თავდაპირველად იგი დამოუკიდებელ ეკლესიას წარმოადგენდა აღმ-ით კონქიანი აფსიდით და სამხრ-ით – თაღედით (მალების რაოდენობა ვერ დგინდება). ამ თაღედიდან მხოლოდ აღმ-ით მდებარე თაღი და მისი საყრდენი სვეტიღაა შემორჩენილი. შიგნით ნავი გადახურული იყო კოლოფა კამარით. XVI–XVII სს-ში, მთავარი ნავის განახლების და სამრეკლოს მშენებლობის დროს, ნავის შუაში სამრეკლოს კამაროვანი საფუძველი ჩააშენეს, რ-იც ამჟამადაც მთავარი ნავის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. კარიბჭე სამხრ. ნავის გვერდითი ნაწილებისგან კედლებით არის გამიჯნული და ნავის ხაზიდან რამდენადმე წინწამოწეულია. ამ ნაგებობის „ჩადგმის“ შედეგად სამხრ. ნავი სამ სათავსად დაიყო. სამივე სათავსში ტრაპეზია დადგმული და დამოუკიდებელ სამლოცველოს წარმოადგენს. დას. ნავი ამჟამად მხოლოდ მთავარ და სამხრ.ნავებს გასდევს. დიდი ალბათობით, დას. ნავი თავდაპირველად ჩრდ. ნავსაც გასდევდა, რ-ის დიდი ნაწილი დანგრეულია და ამჟამად ეკლესიის დას. კუთხემდე ვერ აღწევს. დას-ით ნავი სწორკუთხა ბოძზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნავის გადახურვას, ისევე როგორც სამხრ. ნავის გადახურვას, გვიანდ. გადაკეთების კვალი ემჩნევა. ჩრდ. ნავი მოკლეა, შესასვლელი მას დას-იდან აქვს. აღმ-ით ღრმა, ნალისებრი აფსიდია, რ-შიც თაღოვანი სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ სამი სწორკუთხა სარკმელი აშუქებს. მათგან ორი – ჩრდ-ითაა, ერთი – დას-ით. შიგნით ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით – ტეხილით წვეროსთან, რ-იც ებჯინება მთავარი ნავის კედელზე მიყრდნობილ, ორმალიან კედლის თაღს.
ეკლესიის ფასადები სადაა. მოკლებულია დეკორ. სამკაულს. კედლები დასრულებულია აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რ-იც შედგება კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად დაწყობილი აგურებით შედგენილი რიგების მონაცვლეობით.
ახლად აგებული კარიბჭის თავზე, სამხრ. ნავის სახურავის დონეზე, დადგმულია სამრეკლო, რ-ის პირველი სართული, აღმ-იდან და დას-იდან, კედლებით არის შემოფარგლული, სამხრ-ით კი, მთელ სიმაღლეზე, შეისრული თაღით არის გახსნილი. სამრეკლოს მეორე სართული რვაწახნაგაა, ნაგებია აგურით. ფანჩატურის წახნაგებზე გამოყვანილი ღიობები შეისრულთაღოვანია. ფანჩატური დასრულებულია საფეხურებიანი ლავგარდნით, რ-იც ეკლესიის ლავგარდნის მსგავსადაა გამოყვანილი. სამრეკლო დასრულებულია აგურისავე, პირამიდისებრი ფორმის მახვილი სახურავით.
2015, საქართვ. ისტ. ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტ. ნ. მინდორაშვილი).
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1–4, თბ., 2021; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахети“, Тб., 1959; Шмерлинг Р. О., Малые формы в архитектуре средневековой Грузий, Тб, 1962; Georgian Architecture, vol. 3, Leiden: Inter Documentation Company (IDC), 1997.
თ. დვალი