ლელქაში

ლელქაში (Scirpus), მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. სახეობათა უმეტესობა მრავალწლოვანი გრძელფესურიანი ბალახია. ზოგ სახეობას ფოთლები რედუცირებული აქვს.

დედამიწაზე გავრცელებული 250 სახეობიდან საქართველოში გვხვდება 10. იზრდება ჭარბწყლიან ადგილებზე ზღვისპირეთიდან მოყოლებული ზ. დ. 2000 მ-ზე. საქართველოში შედარებით ფართოდ არის გავრცელებული S. lacustris, S. tabernaemontani და S. silvaticus. პირველი ორი სახეობა გამოიყენებოდა ჭილობისა და კალათის მოსაქსოვად, აგრეთვე შესაფუთ და საშენ მასალად, მე-3 სახეობა, ისლის მსგავსად, ცხოველებისათვის ნოყიერი საკვები მცენარეა. ძოვს მსხვილფეხა საქონელი, მაგრამ უფრო მეტად იყენებენ თივად და სილოსად. ლ-ის ზოგი სახეობა სამკურნალოა და გაშენებულია ინდოეთში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ხალხურ მედიცინაში იყენებენ S. mucronatus-ს.

კ. ქიმერიძე