ლემან-ჰაუპტი კარლ ფერდინანდ ფრიდრიხ

ლემან-ჰაუპტი კარლ ფერდინანდ ფრიდრიხ (Leman-Haupt Karl Ferdinand Fridrich) (11. III. 1861, ჰამბურგი, – 24. VII. 1938, ინსბრუკი), გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოსი, სამართლის დოქტორი (1883), ანტიკური ისტორიის დოქტორი (1886). იგი იკვლევდა ურარტულ წერილობით წყაროებს, ამ მიზნით 1898/99 გაემგზავრა ექსპედიციით სომხეთში, შემდეგ სტუმრობდა თბილისს, სადაც ა. ლაისტის მეშვეობით გაიცნო ი. ჭავჭავაძე, რ-საც თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი საგურამოში ეწვია. კავკასიის მუზეუმში შეხვდა გუსტავ რადეს და საშუალება მიეცა მუზეუმში დაცულ ურარტულ წერილობით ძეგლებზე ემუშავა. 1901–36 იყო ანტიკური ისტორიის ჟურნ. „Klio. Beitrage zur alten Geschichte“-ის რედაქტორი.

ლ-ჰ-ს გამოთქმული აქვს მოსაზრება ქართების (იბერების) წარმომავლობის შესახებ. იგი თვლიდა, რომ ქართები ჩრდ. მესოპოტამიიდან ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად საქართველოში გადმოსახლებული კარდუხებისა და მცირე აზიიდან კიმერიელთა მიერ აყრილი მესხების (მუშქები) შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. თვითონ მუშქები (მოსხები, მესხები) კი ლ-ჰ-ს „ფრიგიის ადგილობრივ მოსახლეობად“ მიაჩნდა, სადაც ფრიგიელები წარმოადგენენ „მცირერიცხოვან მმართველ ინდოევროპულ ფენას“.

2018-იდან მოქმედებს ილიას სახელმწ. და გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის (გერმანია) უნ-ტების ერთობლივი ლ-ჰ-ს სახ. ტრანსდისციპლინური საერთაშ. სადოქტორო სკოლა.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; Сванидзе А., Материалы по истории Алародийских плмен, Тб., 1937