ლემზდენი ტომას

ლემზდენი (Lumsden) ტომას (დაახლ. 1790, – 1840-ის შემდეგ, ინდოეთი), ბენგალის ცხენოსანთა არტილერიის ლეიტენანტი. სავარაუდოდ მსახურობდა მირუთში, დელის ახლოს. ლ-მა, ბიძაშვილთან, ორიენტალისტ მათიუ ლემზდენთან (1777–1835) და მეგობართან, ლეიტენანტ ა. კამერონთან ერთად ირანისა და კავკასიის გავლით იმოგზაურა ინგლისში.

მათ მოგზაურობა დაიწყეს 1819 წ. 3 ოქტ. და შირაზის, ისპაჰანისა და თავრიზის (1820 წ. 25 ივნ.) გავლით 5 ივლისს ჩავიდნენ ნახჩევანში, შემდეგ ერევანში (11–15 ივლ.), თბილისში (27–31 ივლ.), საქართვ. სამხედრო გზით – ვლადიკავკაზში (6 აგვ.), მოზდოკში (10 აგვ.) და ა. შ., 1820 წ. 31 ოქტ. კი – ლონდონში.

ლ. მოგზაურობის დროს, რიცხვებისა და დღეების მიხედვით აწარმოებდა საგზაო დავთარს, სადაც მოცემულია მწირი ცნობები კავკასიის შესახებ. მისი მთავარი ღირებულებაა გავლილი გზის ზუსტი სამარშრუტო მონაცემები. დავთარს დართული აქვს ფერადი რუკა, რ-ზეც დატანილია ავტორის მიერ აბერდინამდე (შოტლანდია) გავლილი მარშრუტი.

თხზ.: A Journey from Merut in India to London; through Arabia, Persia, Armenia, Georgia, Russia, Austria, Switzerland and France during the years 1819 and 1820, L. 1822.

ლიტ.: Полиевктов Т. А., Европейские путешественники по Кавказу 1800– 1830 гг., Тб., 1946.