„ლემი“, ზოომორფული დროშა, რ-იც დაცულია სვანეთში სეტის წმ. გიორგის ეკლესიაში (მდებარეობს მესტიის ცენტრში, სეტის უბნის სასაფლაოზე). გამოჰქონდათ ზაფხულის დღესასწაულ ჰულიშზე. „ლ-ს“ ხის ტარს ჩამოცმული ჰქონდა ვერცხლის შუბისებრი თავი, რ-ის ორივე მხარეს წმინდანთა გამოსახულებები და ასომთავრული წარწერა იყო. დროშას კერავდნენ ყვითელი აბრეშუმის ქსოვილისაგან, უკეთებდნენ ვერცხლის ყბებს, კბილებსა და ენას, აკერებდნენ ყურებს, თვალები და ცხვირი გამოჰყავდათ ვერცხლისფერი სირმით. ამავე სირმით შუბლსა და ტორებზე გამოსახავდნენ ჯვრებს, წითელი ნაჭრით – ნესტოებს. დროშის სიგრძე, კუდის ჩათვლით, 2,4 მ იყო. სწრაფი მოძრაობისას დროშა ჰაერით ივსებოდა და ცხოველის ფორმას იღებდა.
ზოგი ხალხური გადმოცემა პირველი „ლ-ის“ დამზადებას ღვთაება ლამარიას მიაწერს, ზოგი კი – თამარ მეფეს. „ლ.“ სეტის წმ. გიორგის ყველაზე ძლიერ რელიკვიად ითვლებოდა. მას განაგებდა და იცავდა პრივილეგირებული გვარიდან არჩეული მელომე, რ-იც მთელი „ბედნიერი სვანეთის ერთობილ ხევის“ უფროსად, „მამად“ ითვლებოდა. ომიანობისას „ლ-ით“ ხელში წინ უძღოდა ლაშქარს. დღეობის ბოლოს იმართებოდა დოღი, რ-შიც მელომეც მონაწილეობდა. მისი გამარჯვება საქმეში გამარჯვებისა და ხვავრიელი წელიწადის მომასწავებელი იყო.
„ლ.“ არქაული წარმოდგენების საფუძველზეა აღმოცენებული. იგი უნდა უკავშირდებოდეს სვანეთში დამოწმებულ ტოტემური მგლის რწმენას, შესაძლოა წმ. გიორგის ზოომორფული გამოვლენაც იყოს. აღმ. საქართვ. მთიელთა მითოლოგიაში „წმ. გიორგის მგლები“ ეხმარებოდნენ მას საყმოსთან ურთიერთობაში. „ლ-ს“ მსგავსად, ჯოხზე წამოცმულ მგლის ტყავს ან ფიტულს დროშასავით კარდაკარ ჩამოატარებდნენ „მელია–ტულეფიას“ რიტუალის დროს (სვან.), თან მღეროდნენ „აშანგელო მგელოს“. ანალოგიური დროშები ჰქონდათ სკვითებს, სარმატებსა და პართელებს, მათგან გადაიღეს რომაელებმა და სასანურმა ირანმა, შემდეგ კი – ბიზანტიელებმა და შუა საუკუნეების ევროპელებმა.
ლიტ.: ბარდაველიძე ვ., ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან. დროშა „ლემ“ მგელ-ძაღლი, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“ XII–XIII, 1963, ტ. 12–13; ბარნაველი ს., ქართული დროშები, თბ., 1953; Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957.
ი. სურგულაძე