ლემონჯავა ვლადიმერ ილარიონის ძე (31. VIII. 1905, ზესტაფონი, – 15. I. 1979, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1928; პედაგოგები – გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე). მონაწილეობდა გამოფენებში, მ. შ. საქართვ. რევოლუციონერ მხატვართა ასოციაციის („სარმა“) გამოფენაში (1930, თბილისი), სადაც წარმოდგენილი იყო მისი ნახატები – „დემონსტრაციის დარბევა“ და „არსენ ჯორჯიაშვილი“. მოღვაწეობდა გრაფიკის დარგშიც, კერძოდ, შექმნა ს.-ს. ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ ილუსტრაციების სერია (1957–58, აკვარელი). ლ-ს ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში.
ლიტ.: Беридзе В., Езерская Н., Искусство Советской Грузии, 1921–1970, М.,1975.