„ლემჩილი“

„ლემჩილი“, სვანური სამონადირეო ფერხული, მიძღვნილი სახელგანთქმული მონადირის – გიორგისადმი. ფერხულს საფუძვლად დაედო ხალხისგან გმირად აღიარებული მონადირის ღრმა პატივისცემა და სიყვარული. სიტყვა „ლემჩილი“ ნიშნავს დასაბერებელს. ფერხულის ტექსტში ლოცავენ და ღრმა სიბერემდე სიცოცხლეს უსურვებენ გიორგის, რ-იც „კლდეზე – ჯიხვს, ტყეში – ქურციკს, მინდორში – ირემს, მდინარესა და ზღვაში თევზს არ ტოვებდა მოუნადირებელს“. სხვა სამონადირეო ფერხულისაგან განსხვავებით, „ლ-ს“ მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. ამ უძველესი ტრადიციის შენარჩუნებას ხელი შეუწყო ფეხის მოძრაობათა კომპლექსში მამაკაცთა მიერ ცერილეთის (ერთდროულად ორივე ფეხის ცერზე შეხტომა) შეტანამ, რაც ქალისთვის შეუფერებლადაც მიიჩნევა. ცერულის გამოყენება და ფერხულში მხოლოდ მამაკაცების მონაწილეობის ტრადიცია მიუთითებს სვანური სამონადირეო ფერხულების, კერძოდ, „ლ-ის“ უძველეს წარმომავლობაზე. ფერხული სრულდება წრიულად ორპირულ სამხმიან სიმღერაზე (მუს. ზომა 2/4).

მკვლევარები სამონადირეო ფერხულებს, მ. შ. „ლემჩელს“ უკავშირებენ სიცოცხლის განახლებისა და ნაყოფიერების უძველეს საგაზაფხულო მისტერიებს, რ-იც მონადირეთა ღვთაება დალის და მის რჩეულს ეძღვნებოდა.

ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; თათარაძე ა., ქართული ცეკვების განმარტებანი, თბ., 1986.

ბ. ბარამიძე