ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. აღმ-ით ესაზღვრება ამბროლაურისა და ონის, ჩრდ-ით – მესტიის მუნიციპ. და რუსეთის ფედერაცია, დას-ით – ჩხოროწყუს და მარტვილის, სამხრ-ით – ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპ-ები, ფართ. 1344,4 კმ 2. მოსახლეობა 4386 კაცი (2014) ადმ. ცენტრი – დაბა ლენტეხი. ლ. მ-ში შედის 1 დაბა (ლენტეხი) და 7 თემი (ჟახუნდერი, რცხმელური, ჩიხარეში, ჩოლური, ცანი, ხელედი, ხოფური).
ისტორიული ცნობა. ახლანდ. ლ. მ-ის ტერიტორია შედიოდა კოლხეთის სამეფოში. ძვ. წ. III ს-ში ქართლის სამეფოში შემავალი ეგრისის სამეფოს ტერიტორია იყო, I–IV სს. – სვანეთის სამთავროს, IV–VI სს. – ეგრისის სამეფოს, VII ს. – ეგრისის სამთავროს, VIII ს. – აფხაზეთის სამთავროს, აფხაზთა სამეფოს, აფხაზთა და ქართველთა სამეფოსა და შემდეგ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში იყო. XIV ს-იდან შედიოდა ლიხთიმერეთის სამეფოში, XV ს-იდან – იმერეთის სამეფოში, შემდეგ კი – სვანეთის საერისთავოსა და სვანეთის სამთავროში. XVII– XVIII სს. მიჯნაზე ეს ტერიტორია შეიერთა ოდიშის სამთავრომ. ექვემდებარებოდა ცაგერის საეპისკოპოსოს. XIX ს-ში შედიოდა სამეგრელოს სამთავროში, შემდეგ – ქუთაისის გუბერნიაში. 1930-იდან დამოუკიდებელი ადმ.-ტერიტ. ერთეულია, როგორც ქვემო სვანეთის რაიონი. 2006-იდან ეწოდა ლ. მ.
ბუნება. რელიეფი. მუნიციპ-ის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი, უმთავრესად მთა-ხეობის სტრუქტურული და მყინვარული ფორმებით. უმაღლესი მწვერვალი აილამა (4544 მ) მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე და გამოირჩევა ალპ. რელიეფით. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ამავე მხარესაა ძლიერ დანაწევრებული სვანეთის ქედის სამხრ. კალთა (მწვ. ღვადარაში, 3750 მ), რ-იც აგებულია ზედაპალეოზოური და ტრიასული თიხაფიქლებით, აღმ. ნაწილში კი – ქვიშაქვებითა და კვარციტებით. მუნიციპ-ის სამხრ-დას-ით ვრცელდება ეგრისის ქედის აღმ. მონაკვეთი (მწვ. ცეკური, 3173 მ), წარმოდგენილი ბაიოსური ვულკანოგენური წყებებით. იგივე ნალექებით აგებულია ჩხუმის ქედი (მწვ. თეთნარი, 2965 მ. ლ. მ-ის ჩრდ. აღმ. ნაწილში გავრცელებულია ზედაიურული ფლიშური ნალექები (მერგელები, კირქვები, ქვიშაქვები). ძირითადი ქანები ზოგან დაფარულია პლეისტოცენური, ალუვიური, მყინვარული და გრავიტაციული ნალექებით. ლ. მ-ის მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულებია მდ-ების – ცხენისწყლისა და ხელედულის ხეობები, აგრეთვე ლენტეხის ვრცელი ქვაბული.
სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია დარიშხანი (ცანის საბადო), კალა, სპილენძი, პოლილითონები, მარმარილო, კვარციტები, მინერალური წყლები: მუაშის (მის ბაზაზე მოქმედებს ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი), ტვიბერის, ხოფურის და ყორულდაშის.
ჰავა. ლ. მ-ში მთიანი რელიეფის გამო ჰავა სიმაღლის მიხედვით იყოფა ზონებად. დაბალ ნაწილში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი, ხანგრძლივი გრილი ზაფხული, ცხენისწყლის ხეობის მცირე მონაკვეთზე – ხანგრძლივი თბილი ზაფხული, მთის ტყის ზონაში (1900–2000 მ. საშ. წლ. ტემპ-რა 3.2 – 9.4 ºC ფარგლებშია; აბსოლ. მინ. –33 ºC, აბს. მაქს. 32 – 39ºC, ნალექები 1250 –1390 მმ-მდე წელიწადში. ტყის ზონის ზევით მაღალი მთის ნოტიო ჰავაა ცივი ზამთრით და ხანმოკლე გრილი ზაფხულით. ყველაზე მაღალ ადგილებში მუდმივი თოვლი და მყინვარებია.
შიდა წყლები. ლ. მ-ის მთავარი მდინარე ცხენისწყალია, რ-ის სათავე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზეა (2707 მ). მნიშვნელოვანი შენაკადებია: მარჯვნიდან – ხელედულა, ლასკადურა, ზესხო; მარცხნიდან გობიშური, ლეუშერი, ხოფური და სხვ. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მყინვარული წყლებით. წყალდიდობები ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა – შემოდგომასა და ზამთარში. მუნიციპ-ში 38-მდე მყინვარია (მ. შ. ყორულდაში, რ-ის სიგრძეა 38 კმ).
ნიადაგები. ლ. მ-ში გავრცელებულია მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები.
მცენარეული საფარი. მუნიციპ-ის დიდი ნაწილი ტყეებს უჭირავს. ტყის ქვედა სარტყელში, დაახლოებით 1000–1200 მ-მდე გავრცელებულია ფართოფოთლოვანი ტყე, რ-საც ქმნის წიფელი, წაბლი, მუხა, ცაცხვი და სხვ. უფრო ზევით, 1500–1600 მ-მდე გაბატონებულია წიფლნარი, ტყის ზემო სარტყელში ხარობს ნაძვი, სოჭი. 2400–2500 მ-მდე ვრცელდება სუბალპ. ტყე-მდელო, სადაც გვხვდება არყი, ცირცელი; ბუჩქნარებიდან – დეკა, მთის მოცვი და სხვ. 2500 მ-იდან მუდმივი თოვლის საზღვრამდე (3000–3100 მ) ალპური მდელოებია.
ცხოველთა სამყარო. მუნიციპ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, შველი, არჩვი და სხვ., ალპურ ზონაში – ჯიხვი. მდინარეებში უხვადაა კალმახი.
ლანდშაფტები. ლ. მ-ის ტერიტორიაზე გავრცელებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები: საშუალო მთები წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებით; მთის ხეობები ჭალის (წიწვოვან-ფოთლოვანი) ტყეებით, ტიპურ და გაეწრებულ ტყის ყომრალ ნიადაგებზე; სუბალპ. ტყე-მდელო, მთა-ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებზე; ალპ. მდელოები მთის მდელოს ნიადაგებზე; გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.
მოსახლეობა. უმეტესოობა ქართველია (99,9 %), მოსახლეობის საშ. სიმჭიდროვეა 3,26 კაცი 1 კმ-ზე (2014).
მეურნეობა. ლ. მ-ის წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სას. სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები, ასევე მისდევენ მებაღეობასაც. მუნიციპ- ში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები და ალპინისტური ბანაკი „აილამა“, ფუნქციონირებს ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი მუაში.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. ლ. მ-შია მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, თეატრი, ბიბლიოთეკები და 28 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.
ჯანდაცის ხაზით მუნიციპალიტეტში არის 9 ამბულატორია და 1 „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ლენტეხის კლინიკა“ – 12 საწოლზე.
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტის ტერიტ-ზე არსებული ისტ. ძეგლებია ჟახუნდერის წმ. გიორგის, თეკალის ღვთაების, ტვიბის მთავარანგელოზის, ფაყის წმ. მარიამისა და სკალდის მთავარანგელოზთა ეკლესიები; დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი ლენტეხში და ლექსურის კოშკები.
გ. დევდარიანი
ე. კობახიძე