ლეო არაქელ გრიგოლის ძე

ლეო (ნამდვ. გვარი ბაბახანიანი) არაქელ გრიგოლის ძე [14 (26). IV. 1860, შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია, ახლანდ. აზერბ. რესპ., – 14. XI. 1932, ერევანი, სომხეთის სსრ), სომეხი ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, ერევნის უნ-ტის პროფესორი (1924–32). 1901–05 თბილისში გამოიცა ლ-ს მონოგრაფიები სომხ. ენაზე. ლ-ს შრომებში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართვ. ისტ. საკითხებს. მისი სამტომიანი ნაშრომის, „სომხეთის ისტორიის“ III ტომში სპეც. პარაგრაფია გამოყოფილი სომეხ- ქართველთა ურთიერთობის შესახებ. სომხურ ისტორიოგრაფიაში ერეკლე II-ის დამოკიდებულება ყარაბაღის ხან იბრეიმთან სომეხთა ინტერესებისათვის არახელსაყრელადაა მიჩნეული (ა. იოანისიანი, ს. პოღოსიანი). ლ. საყვედურობს ერეკლე მეფეს, რომ მან ნება არ მისცა რუსებს, მოეშორებინათ იბრეიმი, რ-იც ყარაბაღელ მელიქებს ავიწროებდა. ყარაბაღის ფანა-ხანზე ქართლ-კახეთის გამარჯვებას ლ. თავისებურად აფასებს. ლ. თეიმურაზ მეფეს საყვედურობს, რომ მან ეს გამარჯვება ბოლომდე არ მიიყვანა, არ გააუქმა ყარაბაღის სახანო და სათანადო დახმარება არ აღმოუჩინა ყარაბაღის სომეხ მელიქებს.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1979.

გ. მაისურაძე