ლეონ III (Leon) ისავრიელი, (675, გერმანიკეა, – 18. VI. 741, კონსტანტინოპოლი), ბიზანტიის იმპერატორი (717–741), ისავრიელთა დინასტიის დამაარსებელი. VII ს. დასასრულს მისი ოჯახი კილიკიის ქ. გერმანიკეადან თრაკიაში – ზღვისპირა ქ. მესემბრიაში (ახლანდ. ქ. ნესიმბირი, ბულგარეთი) გადასახლდა. 705, როცა იუსტინიანე II (685–695; 705–711) ბულგარეთის ჯარით ტახტის დასაკავებლად კონსტანტინოპოლისაკენ მიემართებოდა, ლ. III-მ მას 500 ცხვარი მიართვა. იუსტინიანემ იგი დაიახლოვა და სპათარის (საჭურველმტვირთველი) ტიტული უბოძა, თუმცა შემდეგ მის ერთგულებაში ეჭვი შეიტანა და დაახლ. 710 ჩრდ. კავკასიაში გაგზავნა. ეს ის დრო იყო, როცა ქართლიდან ლტოლვილი სტეფანოზ II ფარნავაზიანის ვაჟები – მირი და არჩილი – შავიზღვისპირეთში იმყოფებოდნენ. სამი წლის შემდეგ აფშილთა მთავრის დახმარებით ლ. III ზღვისპირეთში მივიდა, შემდეგ – ტრაპიზონში. მან ისარგებლა იმპერიის აღმოსავლეთში არაბთა სარდლის მასლამას ლაშქრობით შექმნილი რთული ვითარებით და საიმპერატორო ტახტი დაიკავა. ამით დასრულდა 695-იდან დაწყებული სასახლის გადატრიალებათა ციკლი (შეიცვალა 7 იმპერატორი). 717 წ. 18 აგვისტოს ლ. III-მ არაბთა სარდალი მასლამა აიძულა კონსტანტინოპოლისათვის ალყა მოეხსნა. ამ გამარჯვებას დაემთხვა ანაკოფიასთან არაბთა დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ მირმა და არჩილმა, ასევე ლეონ აფხაზთა ერისთავმა, იცოდნენ, რომ ლ. III-მ ოსებთან ერთად რამდენჯერმე დაარბია აბაზგები, გამარჯვება მაინც შეატყობინეს. ამ ამბით გახარებულმა იმპერატორმა მირსა და არჩილს მისწერა: „თქუენი იყოს მეფობა ქართლსა შინა“, ხოლო ლეონს აფხაზეთის ერისთავობა უბოძა. ანაკოფიასთან ბრძოლაში დაჭრილი მირის გარდაცვალების შემდეგ, 719 არჩილმა ლ. III-ისაგან ეგრისში სამართავად მიიღო ტერიტორია „კლისურითგან აღმართ“ „ვიდრე შორაპნამდე“. 12 წლის შემდეგ (731), როგორც ეს ატენის სიონის სტეფანოზ III მამფლის ფრესკული წარწერიდან და ქართული წყაროდან ჩანს, არჩილი ქართლში გადმოვიდა და ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ III ბაგრატიონს თავისი სამფლობელო ეგრისი კახეთში გაუცვალა და იქ გააგრძელა მოღვაწეობა. ასე აღდგა საქართველოს მხოლოდ ამ ნაწილში ფარნავაზიანთა ხელისუფლება.
ქართველი მთავრებისადმი ლ. III-ის მხარდაჭერა უფრო მეტად არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში სამხრ. კავკასიაში მოკავშირეების შეძენით უნდა ყოფილიყო განპირობებული, ვიდრე მათთან მეგობრობით. ლ. III-მ 726 დაიწყო ბრძოლა ხატთაყვანისმცემელთა წინააღმდეგ და 730 ედიქტით იგი აიკრძალა. იმპერიის სამხედრო ძლიერების გასაზრდელად 733 ხაზართა ხაკანსაც დაუნათესავდა, შექმნა ახალი თემები. გაატარა დიდი საკანონმდებლო რეფორმა (739), რითაც გააუმჯობესა მართლმსაჯულება. 740 აკროინონთან არაბებზე გამარჯვებით იმპერია კრიზისიდან გამოიყვანა.
ლიტ.: აბრამიშვილი გ., სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977; გოილაძე ვ., რატომ გადავიდა სტეფანოზ II ოჯახით ეგრისში?, „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტის შრომები“, 2008, [წგ.]: 8; სანაძე მ., ბერაძე თ., VIII ს. I ნახევრის ქართლისა და ეგრისის პოლიტიკური ისტორიიდან, „ქართული წყაროთმცოდნეობა“ 2004, [ტ.] 10; Кулаковский Ю., История Византии, т. 3, К., 1915; Чичуров И. С., Византийские исторические сочинения: „Хронография“ Феофана, „Бревиарий“ Никифора. Тексты, перевод, коментарий, М., 1980.
ვ. გოილაძე