ლეონტი მროველი

ლეონტი მროველი, XI ს. ქართველი მოღვაწე, რუისის ეპისკოპოსი. იხსენიება 1066 დათარიღებულ წარწერაში, რ-იც 1957 ქარელის მახლობლად სოფ. თრეხვში აღმოაჩინეს. აგრეთვე, როგორც მთავარეპისკოპოსი, მოხსენიებულია ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთ ხელნაწერსა და ამჟამად პარიზის ეროვნ. ბ-კაში დაცულ XI ს. ხელნაწერში. იგი გაიგივებულია „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებულ ლ. მ-თან. ამ მინაწერის თანახმად, „ქართლის ცხოვრების“ კრებულში შესული თხზულებები: „არჩილის წამება“, „მეფეთა ცხოვრება“ და „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ ლ. მ-მა „აღწერა“. დასახელებულ ნაწარმოებთა ენობრივ-სტილისტური და ისტ. ანალიზის შედეგად მრავალი მკვლევარი შეუძლებლად თვლის მათ ავტორად ლ. მ-ის მიჩნევას. აღნიშნულის გარდა, „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ „ქართლის ცხოვრებაში“ თითქმის სიტყვასიტყვითაა გადმოწერილი „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ დამოწმებული ტექსტიდან; „მეფეთა ცხოვრება“ თვით „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, „ჟამითი-ჟამად“ (ე. ი. დროდადრო) იწერებოდა, ხოლო „არჩილის წამების“ ავტორს ამ ნაწარმოების XII ს. მეტაფრასტული რედაქციის უცნობი ჰაგიოგრაფი თვით არჩილის თანამედროვედ (VIII ს. მოღვაწედ) მიიჩნევს. რადგან ძველად „აღწერა“ „გადაწერასაც“ ნიშნავდა, მკვლევართა (თ. ჟორდანია, ს. კაკაბაძე, შ. ბადრიძე, ვ. გოილაძე და სხვ.) აზრით, ლ. მ. ამ თხზულებათა მხოლოდ გადამწერ-რედაქტორია. ზემოთქმულით ხსნიან, „მეფეთა ცხოვრების“ ტექსტი უფრო გვიანდელ ფენებსაც რომ შეიცავს. ტექსტში ლ. მ-ის მიერ შეტანილ ჩასწორებებს შორის ერთ-ერთია ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანის ირანელ უფლისწულად გამოცხადება.

ლიტ.: ბადრიძე შ., ლეონტი მროველის ავტორობის საკითხისათვის, „მნათობი“, 1962, №7; გაფრინდაშვილი გ., ლეონტი მროველის 1066 წ. სამშენებლო წარწერა თრეხვის ქვაბებიდან, „საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე“, 1961, №1; გოილაძე ვ., არის ლეონტი მროველი ქართველთა ჰეროდოტე?, „კრიტიკა“, 1989, №4; მელიქიშვილი გ., საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის წყაროები, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.

გ. მელიქიშვილი