ლეჟავა ჯუმბერ დავითის ძე (23. VII. 1939, თბილისი, – 25. VII. 2014, იქვე). სპორტსმენი, მოგზაური, რეკორდსმენი, შეყვანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში. დაამთავრა სპი (1966) ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ (1987) შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა, რ-ის მეშვეობით სრულფასოვანი ცხოვრებით შეძლო სიცოცხლის გაგრძელება. დაამყარა მსოფლიოს და გინესის რამდენიმე რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვაში (1990–92, რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად – 2001). ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო (13. VIII. 1993, – 3. XI. 2003). 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალიის, ოკეანეთის, ჩრდ. და სამხრ. ამერიკის, ევრ. და აფრ. თითქმის ყველა ქვეყნის ტერიტორია, 2-ჯერ იყო ანტარქტიდაში; მოგზაურობისას გადაიღო 50 ათასზე მეტი ფოტო და 200 სთ-ის მოცულობის ვიდეოფირი; შექმნა მოგზაურობის 7000-გვერდიანი დღიური, ასევე გამოსცა წიგნი „ველოსიპედით დედამიწის გარშემო“.
ლ. დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართვ. სახელმწ. პრემიით. საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან – „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი (1999). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.