ლერწამი (Arundo), ერთლებნიანი მცენარეების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მსხვილფესურიანი ბალახებია. აქვს უხვად შეფოთლილი ღერო, რ-ის სიმაღლე 1,5–5 მ, სისქე 4 სმ აღწევს. ლ-ის 3 სახეობიდან ერთი – A. formosana – ტაივანის ენდემია, მეორე – A. plinliana – გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, ხოლო მესამე – A. donax – ევრაზიისა და აფრ. სუბტროპ. და ნაწილობრივ ტროპ. ქვეყნებში.
საქართველოში იგი გვხვდება კოლხეთის დაბლობზე, აგრეთვე მტკვრის, ალაზნისა და ივრის ქვემო წელის ჭალებში. იზრდება წყალსატევების სანაპიროებზე, მდინარისპირა და ზღვისპირა ქვიშებზე. გამოიყენება საწვავად და საშენ მასალად, ჭიგოებად და ღობედ, ჭილობის, კალათებისა და სხვათა საქსოვად. აშენებენ სარწყავი არხების ნაპირებისა და ქვიშიანი ადგილების გასამაგრებლად. მის ახალგაზრდა ყლორტებს პირუტყვის საკვებად იყენებენ. დეკორ., ხშირად აშენებენ ბაღ-პარკებში შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. ინტროდუცირებულია მრავალ სუბტროპ. და ტროპ. ქვეყნაში.
კ. ქიმერიძე