ევდემონ I

ევდემონ I (ჩ ხ ე ტ ი ძ ე) (გ. 1578), აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1557–78 (1543–57 გაენათელი ეპისკოპოსი). იმერეთის მეფეების ბაგრატ III -ისა და გიორგი II-ის აქტიური თანამოღვაწე დას. საქართველოს პოლიტ. გაერთიანებასა და კულტ.-ეკონ. მშენებლობაში. ე. I-ის სახელს უკავშირდება ბიჭვინთიდან საკათოლიკოსო რეზიდენციის გელათში გადატანა (იხ. აფხაზეთის საკათალიკოსო). ე. I აღმ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მალაქიასთან ერთად ხელმძღვანელობდა ბაგრატ III-ის ინიციატივით მოწვეულ აფხაზეთის საკათოლიკოსო საეკლ. კრებას, რ-მაც სიკვდილით დასჯა დაუწესა ტყვეთა გამყიდველებს და მოაწესრიგა საეკლ. მმართველობის დარღვეული წესები (იხ. „კათალიკოსთა სამართალი"). ე. I-მა აღადგინა და მოახატვინა თურქების მიერ გადამწვარი გელათის წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიები, რ-შიც შემორჩენილია ე. I-ის ფრესკული გამოსახულებანი. შეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინთის ეკლესიების ნაწილი, რ-თა კედლის წარწერებში მოხსენიებულია; 1568 მოაჭედვინა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ოქროს ხატი. ცნობილია ე. I-ის დაკვეთით გადაწერილი გელათის ხელნაწერები. ბიჭვინთის საკათოლიკოსოს საკუთარი ხარჯით შეუძინა მამულები და ძვირფასი ინვენტარი. დაკრძალულია გელათის წმ. გიორგის ეკლესიაში.

წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1970.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., აფხაზეთის საკათალიკოსოს სინოდის მიერ მიღებული კანონები (XVI ს.), «გელათის მეცნიერებათა აკადემიის უწყებანი», 1996,N2; მ ი ს ი ვ ე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., საქართველოს მეფეები და პატრიარქები, თბ., 2010; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

ბ. ლომინაძე