ლესელიძე კონსტანტინე ნიკოლოზის ძე [2 (15). X. 1903, სოფ. ხვარბეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 21. II. 1944, მოსკოვი), საბჭოთა მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი (1943). საბჭოთა კავშირის გმირი (13. V. 1971). 1922 დაამთავრა ქართ. გაერთ. სამხ. სკოლის საარტ. განყ-ბა, ხოლო 1929 – მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების კურსები ქ. ლენინგრადში (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი). 1937 დაინიშნა ამიერკავკ. სამხ. ოლქში 63-ე ქართ. სამთომსროლელი დივიზიის მეთაურად, 1938 – ბელორუსიის სამხ. ოლქში ვიტებსკის მე-5 წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად, 1941-იდან – დასავლეთის განსაკუთრებული სამხ. ოლქის მე-2 განსაკუთრებული მსროლელი კორპუსის მეთაურად. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს 1941–42 დასავლეთის, კავკ. და ჩრდ. კავკ. ფრონტებზე იყო არმიის არტილ. უფროსი, მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), 46-ე, 47-ე და მე-18 არმიების სარდალი (1942–44). მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში მინსკთან, მდ. ბერეზინასთან, დნეპრთან, ბრიანსკთან, ტულასთან; შეტევით ბრძოლებში – მოსკოვთან; იცავდა კავკასიას, პლაცდარმებს „მცირე მიწაზე“, ნოვოროსიისკთან. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვა სახელმწ. ჯილდოებით. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: დავითაშვილი მ., ლესელიძე, თბ., 1975.
მ. დავითაშვილი