ლეტელიე ვიქტორ

ლეტელიე ვიქტორ (XVIII ს. 80-იანი წწ., – დაახლ. XIX ს. 40-იანი წწ.), ფრანგი დიპლომატი და ლექსიკოგრაფი. დაამთავრა სორბონის უნ-ტი. 1829–32 ლ. იყო საფრ. საკონსულოს მდივანი თბილისში, აგრეთვე ეწეოდა საზ. და სამეცნ. მოღვაწეობას. ლ. თანაუგრძნობდა საქართვ. 1832 შეთქმულების ორგანიზატორებს, დაახლოებული იყო მოწინავე ქართ. საზ-ბასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლ-ს სამეცნ.-ლექსიკოგრაფიული მოღვაწეობა. მან შეადგინა საყურადღებო ნაშრომი „ფრანგული გრამატიკა ქართულად ახსნილი“ (ავტორი კარგად ფლობდა ქართ. ენას), მასვე შეუდგენია ფრანგ.- ქართ. ლექსიკონი.

ლ-ს ჰქონდა ქართ. ხელნაწერი წიგნების მდიდარი კოლექცია (1725 გადაწერილი კრებული, დავით რექტორის მიერ 1782 გადაწერილი „ომანიანი“, იოანე იალღუზისძის მიერ 1812 გადაწერილი ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონი და სხვ.), რ-იც ამჟამად პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია დაცული. მას ახლო სამეცნ. ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგში მყოფ თ. ბაგრატიონთან, აგრეთვე ცნობილ ფრანგ ქართველოლოგ მ. ფ. ბროსესთან.

ლ-მ ფეხით მოიარა იმერეთი. მისი მეუღლე მადამ რავერჟი ა. ჭავჭავაძის შვილების მასწავლებელი იყო.

ლ. ურუშაძე