ლექსი (ბერძნ. Lexis – სიტყვა, მოქცევა), წყობილსიტყვაობა, რიტმული მეტყველება. საერთოდ ლ. მხატვრულად გამოსახვის ისეთი სიტყვიერი ფორმაა, სადაც ბგერების ზუსტი რიტმულ-მუსიკალური ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
ქართული ლექსის პირველმა თეორეტიკოსმა მ. ბარათაშვილმა „ჭაშნიკში“, ანუ „ლექსის სწავლის წიგნში“ (1731), „სიტყვისა“ და „ლექსის“ იგივეობაზე გაამახვილა ყურადღება: ქართ. ენაზე ძველად „ლ.“ სიტყვასაც აღნიშნავდა, ორსტრიქონიან ლექსსაც და „მთელს ამბავს ერთად გალექსულისა“.
ქართ. სალიტ. და ხალხური ლ. არსით, ბუნებით ერთმანეთისაგან არ განსხვავდება, ამიტომ მკვლევრები ჩვენი ეროვნ. პოეზიის ისტორიის შესწავლას პოეტური ფოლკლორით იწყებენ. ლ-ის მთხზველის აღსანიშნავად ხევსურეთში ძირითადად გავრცელებული იყო სამი ტერმინი: მათქვამი, მელექსე და მეშაირე, ხოლო ლ-ები სამ ნაწილად იყოფოდა: სიმღერე, ლექსი და შაირი.
უძველესი ქართ. ლ-ის რიტმი არ იყო მკაცრად გაწონასწორებული, მაგრამ ჰანგის გავლენით, თანდათანობით, მარცვალთა განსაზღვრულ რაოდენობას დაემორჩილა. ასე გაჩნდა მთიბლურები: ცელო, გამიჭერ, გზისპირია,// ჩამაჲლიან და სირცხვილია.
როგორც მთიბლურებს, ისევე ნატირლებს, რ-ებიც ცხრამარცვლიანია (5/4), ხშირად არა აქვს რითმა.
ხევსურულ პოეზიაში გავრცელებული სიმღერე დაბალი შაირის საზომით (5/3) არის შესრულებული, შაირები კი – მაღალი შაირით (4/4). რითმა სვანურ პოეზიაში მხოლოდ გამონაკლისის სახით არსებობს, სტროფი კი, ჩვეულებრივი გაგებით, არა გვაქვს. პ. ინგოროყვას აზრით, ქართ. მწიგნობრული რითმა ხალხური პოეზიიდან უნდა მომდინარეობდეს.
მ. ბარათაშვილი თვლის, რომ რითმისათვის აუცილებელია მთლიანად სიტყვების შეწყობა: «ლექსის ბოლოები, ბევრი ასო რომ ერთმანეთის ტოლი იყოს, იმითი არ გაეწყობა. ასე უნდა: „სიტყუა სიტყუას ეწყობოდეს...“» ა. ხინთიბიძე ამ განმარტებას ქართ. რითმის თანამედროვე დეფინიციისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს: „რითმა ეწოდება თანაჟღერადი სიტყვების (სარითმო ერთეულების) გამეორებას სტრიქონთა ბოლოს ან ცეზურასთან“. რითმის ამგვარი განმარტება ორგანულად ესადაგება ქართ. ლ-ის ბუნებას. ქართ. პოეზიაში ორმარცვლიანი და სამმარცვლიანი რითმები IX ს-იდან გვხვდება (ატენის სიონის წარწერები), ხოლო „ვეფხისტყაოსანში“ სრულყოფილებას აღწევს.
მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკში“ ტერმინ „რითმას“ აღნიშნავს „ბოლოები“, „ტანი“ კი არის (თანამედროვე გაგებით) ლ-ის სტრუქტურა. იგი სტრიქონს სამ ნაწილად ყოფს: თავი, ტანი და ბოლო. ბოლო, ანუ რითმა, დამოკიდებულია „თავსა“, ანუ „ხმაზე“, საზომსა და „ტანზე“, ანუ ლ-ის სტრუქტურაზე: ოთხჯერადი მონორითმა რომ მივიღოთ, მ. ბარათაშვილის აზრით, აუცილებელია სტროფის სტრუქტურა შეწყობილი იყოს რითმასთან. მონორითმა „ჭაშნიკში“ აღნიშნულია ტერმინ „ბოლოერთით“. მ. ბარათაშვილის ტრაქტატმა ქართ. ლექსმცოდნეობაში დაამკვიდრა ტერმინები: ლექსი, მუხლი, სტრიქონი, ხმა, გაყოფა (გაჭრა), შეწყობილი, მდენარი, მრავალმუხლი და სხვ.
ხალხურ ლ-ში რითმამ კუთვნილი ადგილი დაიჭირა ფშაურ კაფიებში: „ჩონქარაი ვარ ღვერათი,// დავდივარ როგორც კერატი“.
სალიტ. ლ-ის უძველესი ნიმუშები ქართ. ქრისტ. მწერლობის დამკვიდრებას უკავშირდება და ისინი ჩანართების სახით (ლექსითი ციტატები) გვხვდება ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში. XX ს. 50-იან წლებში პ. ინგოროყვას მიერ გამოთქმული ჰიპოთეზა, რომ არსებობდა ძლიერი ტრადიციების მქონე წარმართული საერო პოეზია, XX ს. დამლევს ა. სილაგაძემ თეორიად ჩამოაყალიბა და მოგვცა ქართ. ლ-ის უძველესი საფეხურის რეკონსტრუქცია; მისი აზრით, III–IV სს. უკვე არის ნახევარსტრიქონიანი ლექსითი ციტატები.
პირველი დადასტურებული ქართ. მწიგნობრული რითმა – „უფალი – შეუვალი“ – VI–VII სს. განეკუთვნება: „რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფი – გველთა უფალი და დააბა მთასა რაჲსა ზედა, რომელი არს კაცთ შეუვალი“.
ჰომეროსის პოემების საზომის – დაქტილური ჰექსამეტრის – წარმოშობის ისტორია პ. ბერაძემ ქართ. ცეკვისა და სიმღერის, მთიბლურების რიტმს დაუკავშირა.
უეჭველია, რომ, ვიდრე ჩვენში ბერძნული ჰიმნოგრაფიის თარგმნას დაიწყებდნენ ან იამბიკოები დაიწერებოდა, უკვე გვქონდა ქართ. მწიგნობრული ლ.
ატენის სიონის კედლებზე აღმოჩენილი ლექსითი წარწერები (IX ს. II ნახ.) რითმიანი, 7-მარცვლიანი (5/2; 4/3) საზომით არის შესრულებული.
ქართ. საერო და სას. პოეზია საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთზე ზეგავლენის გარეშე თანაარსებობდა (ზ. ალექსიძე): ერთი მხრივ, იყო ბიზანტიური ჰიმნოგრაფიიდან მომდინარე ხუთტაეპიანი რითმიანი და ურითმო, 12-მარცვლიანი (5/7) იამბიკოები მწიგნობრული, არქაული ლექსიკით და, მეორე მხრივ, საერო ლ., უპირატესად, მაღალი და დაბალი შაირის რიტმით, კატრენითა და ოთხჯერადი მოსაზღვრე რითმით; 9-მარცვლიანი (5/4) მთიბლურები და ატენის სიონის 7-მარცვლიანი ლექსები.
ჩახრუხაძის „თამარიანში“ ერთმანეთს შეერწყა ჰიმნოგრაფიის მწიგნობრული და არქაული ლექსიკა – ოცმარცვლიანი, წინაცეზურულრითმიანი (სავალდებულო შიდარითმა) (5/5ა//5/5ა), დახვეწილი სალიტ. რითმა და ხალხური ლექსის მუსიკალობა.
„ვეფხისტყაოსნის“ საზომით დაწერილი თითო-ოროლა ნიმუში მანამდე სხვა პოეტებთანაც გვხვდება, მაგრამ „რუსთველური“, „ვეფხისტყაოსნის“ ლექსის ეპიკური პოეზიის ერთპიროვნული ბატონობა ლირიკულ ლექსთან შედარებით, შოთა რუსთაველის პოემის უსაზღვრო პოპულარობამ განაპირობა.
დ. გურამიშვილმა, უცხოეთში მყოფმა პოეტმა, სხვებზე ადვილად დააღწია თავი ეპიგონობას. უკრაინაში გატარებულმა წლებმა მას უცხო „ხმების“ (საზომების) თემატიკით და ხალხური პოეზიით მწიგნობრული ლექსის გამდიდრების დიდი გამოცდილება შესძინა (ე. ხინთიბიძე).
ნ. ბარათაშვილმა ქართულ პოეზიას „სიბრძნის ერთი დარგის“ თვისება დაუბრუნა – იგი, ერთდროულად, ნოვატორიც იყო და ქართ. პოეტური ტრადიციის აღმდგენიც; ნოვაცია აღმოჩნდა ორი ცნობილი საზომის: „ფისტიკაურისა“ (5/5//5/5) და „ბესიკურის“ (5/4/5) ერთი ლექსის ფარგლებში მონაცვლეობა („მერანი“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“), რკალური რითმისა (abba) და ანჟამბემანის (გადატანის) შემოტანა.
ქართ. ლ-ის რეფორმატორებს XX ს-ში შეემატა გ. ტაბიძე. ლირიკის სფეროში გალაკტიონი აღმოჩნდა „ჩვენი დროის ახალი რუსთაველი“. „არტისტული ყვავილებით“ მან შექმნა უახლესი ქართ. ლ. ქართ. პოეზიაში მან დაამკვიდრა „ლირიკული ციკლები“ („ეფემერები“, „მგზავრის წერილები“ და ა.შ.).
XX ს. ქართ. ლ. უფრო მეტი სიზუსტით იცავს რიტმულსა და მეტრულ კანონზომიერებებს. მრავალფეროვანი ხდება ქართ. ლ-ის სტროფის ვარიანტები, ჩნდება ასტროფული ლ., მკვიდრდება პოლიმეტრული სტროფი, უმთავრეს ადგილს იჭერს ვერლიბრი; იხვეწება და მდიდრდება ევრ. და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმების თარგმნილი და ორიგინ. ნიმუშები.
ქართული ლ-ის სტრუქტურული მოდელი ოთხი იერარქიული დონით არის წარმოდგენილი: I. ორწევრედი (4+4); II. ორი ორწევრედი (4+4)+(4+4); III. ორსტრიქონედი, მრჩობლედი; IV. სტროფი (ოთხტაეპიანი, კატრენი) (ა. სილაგაძე).
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების მიჯნაზე მყოფი საქართველო ორგანულად ითვისებდა საუკეთესო ხმებსა (საზომებს) და სალექსო ფორმებს სპარსული თუ ბიზანტიური პოეზიიდან, ითავსებდა ევროპულსა თუ აღმოსავლურ მყარ სალექსო ფორმებს, თუმცა საკუთარ ისტორიას უფრო ეროვნ. ფესვებით, ე.წ. მთის ფოლკლორით ასაზრდოებდა.
ქართ. ლ-ის ისტორია გაცილებით ძველია, ვიდრე ინდოევროპული ლექსისა [მაგ.: რუსული, სომხური, ოსური, ძველგერმანული (ანგლოსაქსური) ან ძველისლანდიური „ედას“ სიმღერები (IX–XIII სს.)].
ქართული ლ-ის უძველესი ისტორია, ალბათ უფრო იაპონური, ჩინური და სპარსული ლექსის სათავეების მსგავსად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, შორეული საუკუნეების, ათასწლეულების წიაღშია საძიებელი.
ლიტ.: ალექსიძე ზ. ატენის სიონის ოთხი წარწერა, თბ., 1983; ბარათაშვილი მ., ჭაშნიკი. სწავლა ლექსის თქმისა, თბ., 1981; ბარბაქაძე თ., ქართული ლექსმცოდნეობა, თბ., 2014; ბერაძე პ., ძველბერძნული და ქართული ლექსწყობის საკითხები, თბ., 1969; სილაგაძე ა., ძველი ქართული ლექსი და ქართული პოეზიის უძველესი საფეხურის პრობლემა, თბ., 1997; მისივე, მეგრული ლექსი, თბ., 2012; ხინთიბიძე ა., ქართული ლექსის ისტორია და თეორია, თბ., 2009.
თ. ბარბაქაძე