„ლექსი ვეფხისა და მოყმისა“, ქართული ზეპირსიტყვიერების შედევრი, სამონადირეო ეპოსის უძველესი პლასტებიდან შექმნილი ბალადა, რ-ის პირველი, მოკლე ვარიანტი გამოაქვეყნა დ. ხიზანიშვილმა 1887, ვრცელი – ვ. კოტეტიშვილმა 1927. დღესდღეობით ბალადის 24 ჩანაწერია ცნობილი. არქაულ, მოკლე ვერსიას რიტუალური ხასიათი უნდა ჰქონოდა: დაღუპვა მონადირისა, რ-მაც სამონადირეო ტაბუ დაარღვია, ნადირთ ბატონის რისხვის შედეგი იყო. ვრცელ ვარიანტში ცენტრ. ადგილი ვეფხისა და მოყმის ორთაბრძოლის გმირულმა თემამ დაიჭირა. ბალადა როგორც სტილისტური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით ქართვ. ხალხ. ტრადიციის ორგანული ნაყოფია. მისი ამაღლებული, ჰუმანური იდეები, დაღუპული გმირის დედის ტიპაჟი ქართ. ფოლკლორის იდეებსა და მხატვრულ სახეებს ემყარება. ლექსი ძირითადად აღმ. საქართველოში ყოფილა გავრცელებული.
გამოც.: ფშაური ლექსები, შეკრებილი დ. ხიზანაშვილის მიერ. ტფ., 1887; „ქართული მწერლობა“, 1927, №3–4; შანიძე ა., ქართული ხალხური პოეზია, [ტ.] 1 – ხევსურული, ტფ., 1931; ქართული ხალხური პოეზია, შემდგ. ქ. სიხარულიძე, ტ. 4, თბ., 1975.
ლიტ.: ბარდაველიძე ჯ., ბალადა „მოყმისა და ვეფხის“ ავტორობის საკითხი, „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1975, №3; Вирсаладзе Е. Б., Грузинский охотничий миф и поэзия, М., 1976.
ე. ვირსალაძე