ლექსიკოგრაფია (ბერძნ. lexikos – სიტყვისა და graphō – ვწერ), ენათმეცნიერების დარგი, რ-იც ამუშავებს ლექსიკონის შედგენის თეორიულ და პრაქტიკულ პრინციპებს. პრაქტ. ცნობილია ლ-ის განვითარების სამი ძირითადი პერიოდი: ა) ლექსიკონებამდელი პერიოდი, როდესაც განმარტავდნენ ცალკეულ ძნელად გასაგებ სიტყვებს, ადგენდნენ ე. წ. გლოსებს, გლოსარიუმებს, ვოკაბულარებს (სასწ. დანიშნულების კრებულები); ბ) ადრელექსიკოგრაფიული პერიოდი, როდესაც სასაუბრო ენისაგან განსხვავებით შეისწავლიდნენ სალიტ. ენის ლექსიკასა და შესიტყვებებს, მოგვიანებით ადგენდნენ პასიური ტიპის ლექსიკონებს, როცა სხვა ენის ლექსიკა განიმარტებოდა მშობლიური ენით, შემდეგ – აქტიური ტიპის თარგმნით ლექსიკონებს, რ-ებიც ეყრდნობოდა ცოცხალ ხალხურ მეტყველებას (მაგ., ფრანგ.-ლათინური, ინგლ.- ლათინური ლექსიკონები), და ცოცხალი ენების ორენოვან ლექსიკონებს; გ) განვითარებული ლ-ის პერიოდი – ეროვნული ლიტ. ენების განვითარების ნაყოფი, რ-ის ძირითადი ფუნქციაა ენის ლექსიკური ფონდის აღწერა და ნორმალიზაცია, საზ-ბის ენობრივი კულტურის ამაღლება.
ლ. ადგენს ლექსიკონთა ტიპებს, აყალიბებს ცალკეულ სახეობათა შედგენის პრინციპებს. მისი პრაქტ. ფუნქციაა ლექსიკურ ერთეულთა თავმოყრა და სისტემატიზაცია, სიტყვათა რაოდენობის განსაზღვრა, სალექსიკონო ფორმის შერჩევა (სათანადო ენის გრამატ. წყობის გათვალისწინებით), სალექსიკონო სტატიის პრინციპების დადგენა – სიტყვათა ანბანურად თუ ბუდობრივად გაწყობა, განმარტებათა სახეობების შემუშავება, მნიშვნელობათა და ნიუანსურ სხვაობათა, მეტაფორულ და ფიგურალურ ხმარებათა გათვალისწინება, სადოკუმენტაციო ფონდის შერჩევა და სხვ.
თანამედროვე ლ-ის თეორიის მახასიათებლად მიიჩნევენ: ლექსიკის სისტემურობას, ლექსიკონებში სიტყვის ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურის გათვალისწინებას სხვა სიტყვებთან მიმართებით; აღმნიშვნელისა და აღსანიშნის მიმართებათა ცვალებადობას (მნიშვნელობის ცვლა მეტყველებაში და მისთ.); ენის გრამატიკასა და სინტაქსთან, მორფოლოგიასა და ფონეტიკასთან, განსაკუთრებით კი ლექსიკოლოგიასთან ლ-ის მჭიდრო კავშირის აღიარებას.
თანამედროვე ლ-ის დამსახურებაა ლექსიკონების დიდი სოც. მნიშვნელობის აღიარება, ხაზგასმა იმისა, რომ ეპოქის მიღწევები თავს იყრის ლექსიკონებში.
საქართველოში ლექსიკოგრაფიული მუშაობის დიდი ტრადიცია არსებობს. მათგან აღსანიშნავია განმარტებითი, დიალექტური, თარგმნითი, იდეოგრაფიული, ინვერსიული, ისტორიული, სიმფონიური, სინონიმთა, სპეციალური, უცხო სიტყვათა, ფრაზეოლოგიური ლექსიკონები. გარდა ამისა, მონოგრაფიულადაა შესწავლილი და გამოცემული ცალკეულ მწერალთა ლექსიკონები.
ლიტ.: მირიანაშვილი ნ., ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში, თბ., 1986; სილაგაძე ჯ., ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკური სინონიმიკის საკითხები, თბ., 1981; ჩიქობავა ა., სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლობის შესახებ, წგ.: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, თბ., 1950; ფოჩხუა ბ., ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974; ღლონტი ა., ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბ., 1983; შამელაშვილი რ., თანამედროვე ქართული ენის ლექსიკა, წგ. 1–3, თბ., 1972–79; Касарес Х., Введение в соврeменную лексикографию, пер. c исп., М.,1958; Слово в грамматике и словаре, М., 1984.
ბ. ფოჩხუა
ა. ჭინჭარაული