ლექსიკოლოგია

ლექსიკოლოგია (<ბერძნ. Lexikós – სიტყვისა და Logos – მოძღვრება), ენათმეცნიერების დარგი, რ-იც შეისწავლის ენის ლექსიკურ ფონდს, მის შედგენილობას, სიტყვის სემანტიკას, ფუნქციონირებასა და ცვალებადობას. ლ. ემიჯნება ლექსიკოგრაფიას და, ამასთანავე, წარმოადგენს მის თეორიულ საფუძველს. განსხვავებით ფონეტიკისა და მორფოლოგიისაგან, რ-ებიც შეისწავლიან სიტყვის ბგერადობასა და აგებულებას, ლ-ის კვლევის საგანია სიტყვა, როგორც მნიშვნელობის მქონე ენობრივი ერთეული. სიტყვის მნიშვნელობას საფუძვლად უდევს საგნობრივი მიმართება. სიტყვის აგებულების დერივაციული ცვლა წარმოქმნის ახალ საგნობრივ მიმართებას, ახალ სიტყვას. ამდენად, დერივაცია შინაგანად არის დაკავშირებული ლ-თან. ლ. არკვევს სიტყვისა და საგნის ურთიერთობას, რასაც განიხილავენ სემასიოლოგიის თვალსაზრისით – სიტყვიდან ამოსვლით (საძიებელია მისი მნიშვნელობა) ან ონომასიოლოგიის თვალსაზრისით – საგნიდან ამოსვლით (საძიებელია მისი სახელწოდება). ამ ქვედარგებთან ერთად, ლ-ს განეკუთვნება ეტიმოლოგიაც, ხოლო მომიჯნავე დარგებია ფრაზეოლოგია და სტილისტიკა.

ლექსიკის კვლევას იწყებენ სიტყვათა კლასიფიკაციით. ძირითადია მათი დაჯგუფება სრულმნიშვნელოვან და დამხმარე სიტყვებად. მათი დაჯგუფება ხდება იმის მიხედვითაც, თუ რომელი ფუნქციაა წარმმართველი სიტყვაში: აღნიშვნისა (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელები, ზმნა, ზმნისართი), მითითებისა (ნაცვალსახელები, ზოგი ზმნისართი, დეიქტური სიტყვები) თუ გამოხატვისა (შორისდებულები). სიტყვის ფუნქციონირება არ გაიაზრება ენობრივ კოლექტივთან მიმართების გარეშე. ლექსიკის შესწავლა ენობრივ კოლექტივთან მიმართებით სიტყვათა დაჯგუფების საფუძველია მოლაპარაკეთა ტერიტ. განაწილებისა თუ საქმიანობის მიხედვით (დიალექტური და დარგობრივი ლექსიკა). სხვადასხვა სიტყვას სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფში შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს; მათი შეხვედრა საერთო ენაში იძლევა პოლისემიას, ხოლო ტერიტორიულ ჯგუფებში არსებულ ერთგვარმნიშვნელობიან სიტყვათა თავმოყრა – სინონიმიას. ლექსიკის, როგორც სისტემის, განხილვა გულისხმობს, გაირკვეს ამ სისტემის ელემენტთა – სიტყვათა ურთიერთმიმართება, რ-საც განაპირობებს ამ სიტყვებით აღნიშნულ მოვლენათა ურთიერთკავშირი. მაგრამ როცა ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვები შექმნის სისტემას, მის შემდგომ ბედს ენობრივი ტრადიციაც განსაზღვრავს. ლ. იკვლევს ამგვარად შეპირობებულ სიტყვათა კავშირებს – პარადიგმატულ (ასოციაციურ) და სინტაგმატურ (დისტრიბუციულ) მიმართებებს ლექსიკურ ერთეულთა შორის.

სხვა ენობრივ მოვლენებთან შედარებით ლექსიკა ყველაზე სწრაფად იცვლება, რაც, ლექსიკის სისტემატურ კვლევასთან ერთად, აუცილებელს ხდის მის ისტ. კვლევას, ინოვაციათა გზებისა და მიზეზების დადგენას; ლექსიკური კონტაქტების შესწავლის საფუძველზე ლ. არკვევს შეთვისებული (ნასესხები) და საკუთარი ლექსიკის ურთიერთმიმართებას, ლექსიკური ფონდის გამდიდრების წყაროებს, საშუალებებს და სხვ.

ლიტ.: ფოჩხუა ბ., ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974; ჩიქობავა ა., გრამატიკის აგებულების ძირითადი საკითხები, „სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის მოამბე“, 1940, ტ. 1, №2–3; Дорошевский В., Элементы лексикологии и семиотики, М., 1973; Kronasser K., Handbuch der Semasiologie, Hdlb., 1968; Ullman S.,Semantics, Oxf., 1977; მისივე, Grunzgeige der Semantik, B., 1978.

ბ. ფოჩხუა

შ. აფრიდონიძე