ლექსიკონი

ლექსიკონი (ბერძნ. lexikon), 1. სიტყვათა მარაგი, ლექსიკურ ერთეულთა ერთიანობა, რ-იც დამახასიათებელია ამა თუ იმ ენისათვის, დიალექტისათვის, ადამიანის მოღვაწეობის რომელიმე სფეროსა თუ ინდივიდისათვის; 2. საცნობარო წიგნი, რ-შიც გარკვეული წესით (ანბანურად, ბუდობრივად) განლაგებულია ამა თუ იმ ენის ლექსიკურ ერთეულთა (ჩვეულებრივ, სიტყვათა) მარაგი და მოცემულია განმარტება ან ინფორმაცია მათ შესახებ. შინაარსის, დანიშნულების, მასალის მოცვის, აღწერის გზების, სალექსიკონო ერთეულის შერჩევის, მასალის განლაგებისა და მისთანების მიხედვით განირჩევა ლ-თა სხვადასხვა ტიპი და სახე.

იმის მიხედვით, თუ რა კუთხით არის სიტყვა განმარტებული, განასხვავებენ ლინგვისტურ და ენციკლოპედიურ ლ-ებს. ლინგვისტურ ლ-ებში მოცემულია სიტყვის მნიშვნელობის განმარტებები, ასახულია მათი ლინგვისტური მახასიათებლები. ლინგვისტური ლ. შეიძლება იყოს განმარტებითი, დიალექტური, ისტორიული, ეტიმოლოგიური, უცხო სიტყვათა, სინონიმთა, პარონიმთა, ორთოგრაფიული, ორთოეპიული, კრებსითი, მწერლის და სხვ. ლ. შეიძლება იყოს ერთენოვანი, ორ- და მეტენოვანი.

ენობრივი მასალის მოცვის თვალსაზრისით, ერთმანეთისაგან განსხვავებულია ენის მთელი ლექსიკური მარაგის მომცველი ლ-ები – თესაურუსი ან განმარტებითი და მეორე მხრივ, სპეციალური ლ-ები. სალექსიკონო ერთეული შეიძლება იყოს სიტყვაზე მცირეც და დიდიც. შესაბამისად, განსხვავებულია, ერთი მხრივ, მორფემების, ფუძეების და სხვ., ხოლო მეორე მხრივ, ფრაზეოლოგიური, სიტყვათშეხამებათა და სხვ. ლ-ები.

სამეცნ. მიზნით იქმნება შებრუნებული, ანუ ინვერსიული ლ. ცალკე უნდა გამოიყოს სხვადასხვა სახის საძიებლები, ინდექსები, რ-ებიც ენაში, ტექსტში ლექსიკური ერთეულების სიხშირეს ან ტექსტში მათი შეხვედრის ადგილს გვიჩვენებენ. ამას სიმფონიური ლ. ეწოდება.

ენციკლოპედიური ტიპის ლ-ებში განმარტებულია არა სიტყვის მნიშვნელობა, არამედ სიტყვით გამოხატული ცნება, საგანი, მოვლენა... ამ ტიპისაა ენციკლოპედიური, იდეოგრაფიული, ტერმინოლოგიური, ბიოგრაფიული და მისთ. ლ-ები.

ლიტ.: ფოჩხუა ბ., ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974; მისივე, ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987; ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1–8, თბ., 1950–64 (ახ. რედ. ტ. 1–4, თბ., 2008–2019); ღლონტი ა., ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბ., 1983; ჩიქობავა ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; მისივე, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952.

ა. არაბული