ლექსორი

ლექსორი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ტაოში, მდ. ბარდუსის ხეობის დასაწყისში, მდინარის მარცხ. ნაპირის კლდოვანი ფერდის შუა წელზე (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია). ადრე აქ დიდი ლავრა ყოფილა. ე. თაყაიშვილის მიერ 1907 აღწერილი ექვსი ეკლესიიდან სამიღაა შემორჩენილი – ორი დარბაზული და ერთიც „თავი ეკლესია“ (ასე უწოდებს ე. თაყაიშვილი). საკმაოდ დიდი ზომის მთავარი ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა, აღმ-ით – შვერილი აფსიდით. აღმ. ფასადი უფრო დიდი და კარგად გათლილი ქვებითაა აგებული. გეგმით ჰგავს სამეკლესიიან ბაზილიკას, აფსიდი ღრმა და ნალისებრია. შემორჩენილია მაღალი საკურთხევლის დიდი ფრაგმენტი. სავარაუდოდ, ეკლესია VIII–IX სს. განეკუთვნება. ე. თაყაიშვილის მიერ ნანახი მხატვრობა და წარწერები აღარაა შემორჩენილი. დიდი ეკლესიის ქვევით, კლდის ქიმზე, მინიატიურული ზომის დარბაზული ეკლესიის ნანგრევია, სამხრ-ით, კლდის პირას – სავარაუდოდ X ს. შედარებით უკეთ შემორჩენილი დარბაზული ეკლესია, რ-იც სწორ რიგებად დაწყობილი გლუვად ნათალი მოყვითალო ქვებითაა ნაგები. ტაძარს სამხრ-ით აქვს შესასვლელი და ერთი სარკმელი. აღმ-ით, საკურთხეველში სარკმლის ორსავ მხარეს ნიშებია მოწყობილი. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია კიდევ ერთი დიდი და გრძელი შენობის ნაშთი.

გ. ბაგრატიონი