ლაპიდარული წარწერები

ლაპიდარული წარწერები (ლათ. lapidarius – ქვის მთლელი, ქვაზე ამომჭრელი), ქვაზე შესრულებული წარწერები, ეპიგრაფიკული ძეგლების ერთ-ერთი ჯგუფი მოზაიკურ, ჭედურ, ფრესკულ წარწერებთან ერთად. ლ. წ. გვხვდება ნაგებობათა კედლებზე, ქვაჯვრებზე, ცალკეულ ფილებზე, საფლავის ქვებსა და სარკოფაგებზე. შესრულების ტექნიკის მიხედვით, ლ. წ. ორი სახისაა – რელიეფური (ასონიშნების გამოსახულება ამოწეულია ქვის სიბრტყის ზედაპირიდან) და კონტრრელიეფური (ასონიშნების გამოსახულება ქვის სიბრტყის ზედაპირის ჩაჭრითაა გამოყვანილი). სხვადასხვა დანიშნულებისა და შინაარსის ლ. წ. მოიცავს სამშენებლო ხასიათის (ქტიტორების, ხუროთმოძღვრებისა და ხელოსნების ღვაწლის აღნუსხვა) ტექსტებს, მოსახსენიებლებს, ეპიტაფიებს, იურიდიულ აქტებს.

ქართულ ლ. წ-ში გამოიყენება ტექსტის დასაწყისის აღმნიშვნელი „ქრისტეს“ მონოგრამა (Ⴕ); ქარაგმები; განკვეთილობის ნიშნები (IX ს-იდან).

ლიტ.: დანელია კ., ძველი ქართული სამწერლობო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983; ქართული წარწერების კორპუსი, ტ. 1 – წარწერის ტექსტები გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1980; ქართული წარწერების კორპუსი, ტ. 2 – წარწერის ტექსტები გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ, თბ., 1980; ჯავახიშვილი ივ., ქართული პალეოგრაფია, თბ., 1949.

თ. გოგოლაძე