ჭელიძე თამაზ ლუკას ძე (დ. 24. XII. 1934, ქუთაისი), გეოფიზიკოსი, ქიმ. მეცნ. დოქტორი (1975), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1990), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2014; წ.-კორ. − 1997). დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის გეოლ. ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (1957). იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (1967-იდან − მთ. მეცნიერი თანამშრომელი). იყო ქანების ფიზიკის განყ-ბის ხელმძღვანელი (1976-იდან), გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორი (1992-2007) და სამეცნ. საბჭოს თავ-რე (1976-იდან). 1996-იდან არის ევროსაბჭოსთან არსებული ცენტრის „მაღლივი კაშხლების გეოდინამიკური საშიშროებები“ დირექტორი.
ჭ. ინტენსიურად თანამშრომლობს გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთის სამეცნ. ცენტრებთან, სადაც 1982-2023 წლებში ხანგრძლივი სამეცნ. მივლინებებით იმყოფებოდა. არის საერთაშ. ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი.
ჭ-ის ძირითადი სამეცნ. კვლევები ეხება არაერთგვაროვან (მოუწესრიგებელ) გარემოში ზედაპირულ ფიზ.-ქიმ. პროცესებს; მყარი სხეულების რღვევის პერკოლაციურ (ფრაქტალურ) მოდელებს; არაწრფივი დინამიკისა და მანქანური სწავლების მეთოდების გამოყენებას გეოფიზიკაში; მიწისქვეშა წყლების სეისმოჰიდრავლიკას; საძიებო გეოფიზიკას და არქეოგეოფიზიკას; გეოეკოლოგიას; დიდი კაშხლების გეოფიზიკურ კონტროლს; სეისმური რისკის შეფასებას და მიწისძვრების პროგნოზს.
არის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად-ის დედამიწის შემსწავლელი განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (2023-დან), იქვე − საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოსა და ჟურნალ „მოამბის“ სარედაქციო საბჭოს წევრი (2023-დან). ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციებს თსუ-ის გეოლ. ფაკ-ტზე (1990-2006).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000). მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მ. ნოდიას სახ. პრემია გეოფიზიკის დარგში (2009) და თბილისის საპატიო მოქალაქეის წოდება (2013). არჩეულია ინგლისის სამეფო ასტრონომიული საზ-ბის საპატიო წევრად (2021).
თხზ.: გეოფიზიკური მეთოდები ბუნების დაცვაში, თბ., 2004; მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემების შექმნა (თანავტ.), თბ., 2018; Dynamical Patterns in Seismology. Recurrence Quantification Analysis (თანავტ.), Springer, 2015; Electrical spectroscopy of porous rocks: A review-I. Theoretical models (თანავტ.), Geophys. Journal International, 1999.