სადუნიშვილი თინათინ აკაკის ასული (დ. 22. XII. 1952, თბილისი), ბიოტექნოლოგი, ბიოქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2015; წ.-კორ. 2009), აკადემიკოს-მდივანი (2019), მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის (TWAS) წევრი (2021). საქართვ. ეროვნ. პრემიის ორგზის (2020, 2022) ლაურეატი, ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996).
დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი (1975), თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინ-ტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები (1987), იერუსალიმის ებრაული უნ-ტის საერთაშ. სწავლების დეპარტამენტის ბიოტექნოლოგიისა და კვების ტექნოლოგიის კურსები (1996).
მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინ-ტში (ახლანდ. ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინ-ტი) უფროს ლაბორანტად (1974-78), უმცროს (1978-85), უფროს (1986-94) და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად (1994-96); აზოტის ასიმილაციისა და ფიქსაციის ფერმენტების ლაბორატორიის (2011-იდან გადატანილია აგრარულ უნ-ტში) ხელმძღვანელად (2005). იყო სტუ-ის ბიოტექნოლოგიის კათედრის პროფესორი (1994-2004), მთ. მეცნიერი თანამშრომელი (1996-2005); აგრარული უნ-ტის სრული პროფესორი (2013); ე. ლორანდის უნ-ტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) მიწვეული პროფესორი (1987-88); შანდუნის (ჩინეთი) ტექნოლ. უნ-ტის საპატიო პროფესორი (2015); მრავალი საერთაშ. სემინარის, კვლევის, პროგრამის მონაწილე და ხელმძღვანელი; აზიის მეცნ. აკადემიებისა და საზოგადოებების ასოციაციის (AASSA), ასევე მეცნ. და ინჟინერიის ქალთა სპეც. კომიტეტის (WISE) წევრი (2017); საქართვ. ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლ. ასოციაციის თანადამფუძნებელი (2018); მრავალი საპატიო სიგელისა და მედლის მფლობელი; საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ჟურნ. „მოამბის“, აგრეთვე “Journal of Agrarian Science“-ის სარედაქციო საბჭოსა და მრავალი საერთაშ. საზ-ბის წევრი.
ს-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა აზოტის შეთვისება და მეტაბოლიზმი მცენარეებში; ამონიუმის პირველადი ასიმილაცია; აზოტისა და ენერგეტიკული ცვლის ფერმენტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, კინეტიკა და რეგულაცია; ამონიუმის პირველადი ასიმილაციისა და ჭარბი ამონიუმის დეტოქსიკაციის გზები უმაღლეს მცენარეებში; მცენარის უჯრედის ჰომეოსტაზი და რეორგანიზაცია გარემოს დამაბინძურებელი ტოქსიკანტების გავლენით; მცენარეთა ადაპტაციის მექანიზმები და სხვ. ს. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. სხვადასხვა თანაავტორთან ერთად მიღებული აქვს პატენტები.
თხზ: სადუნიშვილი თ., საქართველოს აგრარული კულტურა (თანაავტ.), თბ., 2021; Kvesitadze, G., Khatisashvili, G., Sadunishvili, T, Ramsden, J.J. Biochemical Mechanisms of Detoxification in Higher Plants. Basis of Phytoremediation. Berlin, Heidelberg, 2006; Sadunishvili T., Kvesitadze E., Kvesitadze G. Nanotechnology to Aid Chemical and Biological Defence (Xanthomonas vesicatoria specific virus and its potential to prevent tomato bacterial spot disease). Netherlands, 2015.