ებრაელთა ისტორიის მუზეუმი დ. ბ ა ა ზ ო ვ ი ს ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა (საქართველოსი), საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ). 1933 წ. 5 ნოემბ. საქართვ. განათლების სახ. კომისარიატის კოლეგიამ დაამტკიცა მუზეუმის დებულება, ხოლო იმავე წლის 23 ნოემბ. გამოსცა ბრძანება ამ მუზეუმის ოფიციალური დაარსების შესახებ. ტერიტორიულად მუზეუმი თავდაპირველად მდებარეობდა პირველი მაისის (ამჟამად გ. აბესაძის) ქუჩაზე არსებულ ებრაელთა კულტბაზის შენობაში, ხოლო 1940-იდან – ანტონ კათოლიკოსის ქუჩაზე არსებულ სინაგოგის შენობაში. თავისი მოღვაწეობა მუზეუმმა თავიდანვე ძირითადად სამი (საველე, საექსპოზიციო და მეცნ. გამოკვლევათა გამოცემის) მიმართულებით წარმართა. მუზეუმთან სათანამბშრომლოდ მიიწვიეს ცნობილი მეცნიერები: ნ. ბერძენიშვილი, გ. ჩიტაია, შ. ჩხეტია, ს. იორდანიშვილი, ლ. მელიქსეთ-ბეგი; მათი კვალიფიციური დახმარების შედეგად მუზეუმში შეიქმნა მეცნიერთა ჯგუფი, რ-მაც იტვირთა მუზეუმის ძირითადი სამეცნ. და მოძიებითი სამუშაოების შესრულება. ფონდების შესაქმნელად 1933–36 მუზეუმმა ჩაატარა 4 ეთნოგრ.-კომპლ. ექსპედიცია ებრაელებით კომპაქტურად დასახლებულ ქალაქებსა და რაიონებში. შედეგადაც შეგროვდა მრავალფეროვანი საერო და საკულტო ხასიათის მასალა, რ-იც შემდეგ საფუძვლად დაედო მუზეუმის ექსპოზიციას. 1951-ში მუზეუმი დაიხურა. გაუქმებული მუზეუმის საფონდო, საარქივო და სხვა მასალები განაწილდა და გადაეცა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ი. გრიშაშვილის სახ. თბილ. ისტორიის მუზეუმს და საისტორიო არქივს. საქართვ. მთავრობის 1992 წ. 30 ნოემბ. N1017 დადგენილებით მუზეუმი აღდგა და მას ეწოდა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი. დადგენილების მე-4 მუხლი ითვალისწინებს ებრაელთა მუზეუმის მასალების დაბრუნებას მისი სამართალმემკვიდრეებისთვის. მუზეუმი შევიდა საქართვ. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. იმავე დროს საქართვ. მეცნიერებათა აკადემიას დაევალა მუზეუმის სამეცნ. ხელმძღვანელობა. 2000–04 მუზეუმის გამგებლობა დაევალა საქართვ. კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას. ახ. მუზეუმმა ბინა დაიდო ადრინდ. მუზეუმის შენობაში (ყოფ. სინაგოგა, აშენდა 1914), რ-ის ინტერიერიც მრავალგზის გადაკეთდა იქ განთავსებული ორგანიზაციების საჭიროების მიხედვით. ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ისტ. ნაგებობის გადარჩენისთვის მუზეუმისა და ქართ.- ებრ. ურთიერთობათა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე, საქართვ. პრეზიდენტის 2004 წ. 25 ივლ. განკარგულებით (N654) დაისახა მუზეუმის ფუნქციონირებისა და რეკონსტრ. ღონისძიებები. საქართვ. პრეზიდენტის 2006 წ. 17 აგვ. ბრძანებულებით (N493) განისაზღვრა მუზეუმის ახ. სამართლებრივი სტატუსი და სახელწოდება – „სსიპ დავით ბააზოვის სახ. საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი". მასზე სახელმწიფოებრივი ზედამხედველობა დაევალა საქართვ. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. მუზეუმის მეცნ. თანამშრომლები ასრულებენ სამეცნ. წლიურ თემებს საქართვ. ებრაელთა ისტორიის, ეთნოგრაფიის, დემოგრაფიისა და სხვა საკითხებზე. მუზეუმის მიერ გამოცემულია ებრაისტიკა-ქართველოლოგიისთვის მნიშვნელოვანი სამეცნ. „შრომების" 6 ტომი (1940–2010). საქართვ. სხვადასხვა მხარეში ჩატარებულია ექსპედიციები, გამოფენები, საერთაშ. კონფერენციები, მიძღვნილი საქართვ. ებრაელთა, ქართ.-ებრ. ურთიერთობათა ისტ. საკითხებისადმი. მუზეუმის დირექტორები: შ. წიწუაშვილი (1992–2000), გ. ღამბაშიძე (2000-იდან).
გ. ღამბაშიძე