მააკია

მააკია (Maackia), ფოთოლმცვივან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. აღმოსავლეთაზიური გვარია. შეიცავს 5–6 სახეობას. მათგან საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი – ამურის მ. (M. amurensis). ხშირვარჯიანი ხეა. მისი სიმაღლე 15–20 მ აღწევს, ფოთლები და ნორჩი ყვავილები დაფარულია აბრეშუმისებრი ბუსუსებით.

მეტწილად იზრდება შორეულ აღმოსავლეთში, კორეასა და ჩრდ.-აღმ. ჩინეთში. კულტივირებულია დეკორ. მცენარედ, აგრეთვე ხევებისა და ფერდობების გასამაგრებლად. კარგად ხარობს ბათუმის ბოტან. ბაღში. აქვს მაგარი და ძნელად ლპობადი მერქანი, რ-საც სახარატო და სადურგლო საქმეში იყენებენ.