მაგარციხე, კოშკი, არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოროღოს ჩრდ-ით, 1,5 კმ-ზე, თარიღდება IX–X სს-ით. კოშკი ზურგიანია (8,2×3,7 მმ), ხუთსართულიანი. ნაგებია მოზრდილი, ტლანქად დამუშავებული ქვით. კარ-სარკმლის ღიობები გამოყვანილია მოწითალო თლილი ქვით. კოშკის I სართული მიწიდან 6,5 მ სიმაღლეზეა. შესასვლელი გაჭრილია I სართულზე, სწორ კედელში, კარი მართკუთხაა, გადახურულია მოზრდილი ქვით, რ-ზეც მარტივი ჯვარია ამოკვეთილი. შესასვლელის ზემოთ, მომდევნო სართულების კედელში, ერთ ვერტიკალზე განლაგებულია თითო სარკმელი. შესასვლელის ოდნავ ქვემოთ შემორჩენილია მის წინ არსებული პატარა ბაქნის საყრდენი ორი კონსოლი. ქვის ფილების სართულშუა გადახურვაში კავშირისათვის დატანებულია ოთხკუთხა ხვრელები. კოშკის V სართულის უმეტესი ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია სწორი კედლის მხარეს მოწყობილი აივნის საყრდენი ქვის კონსოლების ნაწილები.
ლიტ.: გვასალია ჯ., გიორგიძე მ., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ხადის ხეობა, თბ., 1983; ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა, თბ., 1972; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008.
თ. დვალი