მაგია

მაგია (ბერძნ. Msgeis – ჯადოქრობა, მისნობა, გრძნეულება), რწმენა ადამიანის მიერ ზებუნებრივ და ბუნებრივ ძალებზე გავლენის მოხდენისა შელოცვების, რიტუალებისა და სხვათა საშუალებით. მ-ს ზოგჯერ რელიგიის ადრეული ფორმების ერთ-ერთ სახეობად განიხილავენ, თუმცა ბევრი თეოლოგი და რელიგიათმცოდნე მას რელიგიად არ აღიარებს, რადგან რელიგია, კლასიკური გაგებით, ადამიანსა და აბსოლუტს (ღმერთს) შორის კავშირს ნიშნავს, მ. კი გამოხატავს ბატონობას სამყაროზე მისი განვითარების კანონზომიერებისა და აუცილებლობის საიდუმლოებათა ფლობის გზით. ამიტომ მ., რელიგიისაგან განსხვავებით, აქცენტს იმაზე კი არ აკეთებს, რომ ადამიანის სული ღვთისკენ მიემართებოდეს, არამედ მას მთლიანად პრაქტიკული საჭიროებებით, სამყაროში ადამიანის ნორმალური ცხოველქმედების ამოცანებით განსაზღვრავს. მაგიური და მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ოკულტური (ლათ. occultus – საიდუმლო, დაფარული) ელემენტები და რიტუალები ყველა ძველი, წარმართული რწმენა-წარმოდგენისათვის იყო დამახასიათებელი. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართ. წარმართობაა, რ-ის მრავალი ნაშთი ჩვენს ხალხურ ყოფაში დღემდეა შემორჩენილი. მ-ის ელემენტები ყოველთვის ცდილობდნენ რელიგიებში შეღწევას. ამ მხრივ არც ქრისტიანობაა გამონაკლისი, თუმცა ოფიც. ქრისტ. ეკლესია ყოველთვის მკვეთრად მიჯნავდა საკუთარ სარწმუნოებას მ-ისგან და გმობდა მას. უნდა აღინიშნოს, რომ მაგიური რიტუალები დღემდე საკმაოდ ძალუმად მოქმედებს მრავალი ხალხის (იგულისხმება აფრიკის, ავსტრალიის, ოკეანიის ხალხები, ჩრდ. და სამხრ. ამერიკის აბორიგენი მოსახლეობა) სოც. თუ კულტ. ცხოვრებაში.

კულტურის მეცნიერებებში მაგიური აზროვნების ძირითად მახასიათებლად დამთხვევებისაკენ ორიენტირებას, სიმბოლურობას მიიჩნევენ და მაგიურ-სიმბოლური ქმედების სხვადასხვა სახეობას გამოყოფენ (სამეურნეო, სამკურნალო, ვნების მომტანი, ანუ შავი მ., დამცველი, სასიყვარულო და სხვ.).

უძველესი დროიდან მომდინარე მაგიური ქმედებები, ქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებთან შერწყმული სახით, ბოლო დრომდე შემოინახა ქართულ ხალხურ წეს-ჩვეულებებსა თუ მითოლოგიურ გადმოცემებში; საქორწილო ცერემონიალისას, დედოფალს პატარა ბიჭს ჩაუგორებდნენ კალთაში, ვაჟიანობის დასაბედებლად. ნეფის ოჯახში ზღურბლის გადასვლისას, პატარძალს ბარაქიანობის სიმბოლოს, ცომით სავსე ჯამს აწვდიდნენ, კერიის გარშემოვლისას მაყრები დედაბოძზე ჩამოკიდებულ კაკლით სავსე ქილას ხანჯლით დაამსხვრევდნენ და კაკლის გაბნევისას შესძახებდნენ, „გაიშალა, გაიშალა ბიჭებო, ასე გამრავლდით!“ გაზაფხულზე, პირველი ჭექა-ქუხილისას რიყის ქვას ზურგზე სამჯერ იცემდნენ, სიტყვებით: „ზურგი მაგარ“. ფერხულისას რაც უფრო მაღლა შეხტებოდნენ, ხალხ. წარმოდგენით, პურეულის მეტი მოსავალი მოვიდოდა. მცენარეულობის ზრდის სასწაულმოქმედი(მაგიური) ძალა მიეწერებოდა შვიდ მაისს მოსულ წვიმას. გაზაფხულზე, მუშა საქონელს ველზე პირველად გაყვანის წინ მარჯვენა ბეჭზე კვერცხს დაახლიდნენ, ავი თვალის საწინააღმდეგოდ. სასურველი ამინდის გამოთხოვის რიტუალებში („ლაზარობა/„გონჯაობა“), ერთმანეთის გაწუწვა თუ გუთნით წყლის „მოხვნა“ წვიმის მოყვანის საწინდარი იყო. ძაფის დართვაც „ბედ-იღბლის“ დაბევებასთან იყო გაიგივებული და მეკვლეს, საახალწლო რიტუალებში, დიასახლისი ძაფის გორგლით ასაჩუქრებდა ბედნიერების ნიშნად. რთვლის დამთავრებისას ვენახში მსუქან ბავშვს მიწაზე გააგორებდნენ ან ბოლო მტევანს ვაზზე შეაჭყლეტდნენ და სხვ. ამ რიტუალებს მაგიური მიზანდასახულობა ჰქონდათ და ნაყოფიერების, სიცოცხლის განახლების იდეებს უკავშირდებოდა.

ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; თეორიული ეთნოლოგია, თბ., 2010; თოფურია ნ., ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის ისტორიიდან, თბ., 1984; ღამბაშიძე ნ., ალავერდაშვილი ქ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა, თბ., 2018; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.1).

 ზ. ეკალაძე