მაგისტრატი მოსამართლე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად მ. მ. განიხილავს შედარებით დაბალი ღირებულების სამოქალაქო დავებს; გარკვეული სახის უდავო, გამარტივებული წარმოებისა და საოჯახო საქმეებს; ასევე ზოგიერთი ადმ. სამართალდარღვევისა და სოც. დაცვის საკითხის, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით და საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მსგავს დავებს. მ. მ. ასევე იღებს გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
მ. მ. თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართვ. ზოგიერთ რაიონულ ან საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტ-ზე არსებულ ადმ.–ტერიტ. ერთეულში. მ. მ-ის სამოქმედო ტერიტ. და რაოდენობა განისაზღვრება საქართვ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
საქართვ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წ. 9 აგვისტოს №1/150–2007 გადაწყვეტილებით მ. მ. საქმიანობენ ამბროლაურის, ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თეთრი წყაროს, თელავის, მცხეთის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ცაგერის, ხაშურის, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოებისა და ბათუმის, რუსთავის, ფოთის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიებზე.
ი. უჯმაჯურიძე