მაგნოლია (Magnolia), მცენარეთა გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. მ-ს მეტწილად დიდი ფოთლები აქვს. ყვავილები კენწრული და ორსქესიანია, უმეტესად – სურნელოვანი, იშვიათად – მყრალი. ნაყოფი გირჩისებრია, მრავალფოთლურა, რომლიდანაც მომწიფებისას გამოიჭრება ხოლმე წითელ გარსში მოქცეული ძაფზე ჩამოკიდებული თესლი. ცნობილია მ-ის 80-მდე სახეობა, მათგან 20-მდე სახეობა ჩრდ. ამერიკაში იზრდება, დანარჩენი – სამხრ.-აღმ. აზიაში.
მ. ფართოდ გავრცელებული კულტურაა. კარგად ხარობს ნოყიერ, ტენიან, დრენირებულ ნიადაგზე. ამრავლებენ თესლით, კალმით (სათბურში). საქართველოში მ. მოშენებულია თბილისში, წინანდალში, ქუთაისსა და სხვა ადგილებში, უფრო მეტად კი შავი ზღვის სანაპიროზე.