მადლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს საინგილოში, ბელაქნის რ–ნში (ამჟამად აზერბ. რესპ.). მას ადგილობრივი მცხოვრებნი ნურ-ქილისას უწოდებენ. არქიტ. ნიშნებით განეკუთვნება XI–XII სს. და წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას, აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია რიყის ქვით კირის მოჭარბებულ ხსნარზე. ძლიერ დაზიანებულია. ძეგლი 1518–74 წწ-ში კარგად შენახული და მოქმედი ყოფილა, რასაც ამტკიცებს შუამთის მონასტრისათვის ლევან კახთა მეფის მეუღლის, თინათინის გაცემული გუჯარი. შენობას ეტყობა მშენებლობის ორი ეტაპი: პირველს ეკუთვნის თვით ეკლესია, მეორეს კი – მოგვიანებით (სავარაუდოდ XVI ს.) აგურისაგან აგებული ორსართულიანი, გეგმით კვადრატული სამრეკლო, რ-იც ეკლესიას დას-იდან აქვს მიშენებული. მისი პირველი სართული კარიბჭეა, მეორე – თაღებით გახსნილი რვაწახნაგა ფანჩატური.
ლიტ.: ადამია ი., ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები, „ძეგლის მეგობარი“, 1969, №19; მარჯანიშვილი გ., ჰერეთი, თბ., 2005.
გ. მარჯანიშვილი