მადნეულის ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალის საბადო

მადნეულის ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალის საბადო, მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მადნიან ველზე, მდ. მაშავრის ხეობის მარჯვ. ფერდობზე, დაბა კაზრეთის ჩრდ.-დას. 2,5–3 კმ-ში. მდებარეობის გამო საბადო ღია წესით მუშავდება. ის განლაგებულია ზედაცარცულ ვულკანოგენურ წყებაში (საშ. და მჟავე შედგენილობის ტუფები, ტუფბრექჩიები, იგნიმბრიტები და მათი გამკვეთი დაციტური და რიოდაციტური სხეულები). საბადოს ფარგლებში გავრცელებულია ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანები და მეორეული კვარციტები, რ-ებთანაც დაკავშირებულია ოქროსა და სპილენძ-პოლიმეტალის მინერალიზაცია. ძირითადი მადნეული მინერალებია: პირიტი, ქალკოპირიტი, სფალერიტი, გალენიტი. საბადო საქართველოში ფერადი ლითონების წარმოების პირველ ობიექტად ითვლება. იგი აღმოჩენილია 1946, მუშავდება 1969-იდან. 1959 დაიწყო ფერადი ლითონების სამთო-გამამდიდრებელი მადნეულის კომბინატის მშენებლობა. 1975-იდან საწარმო ახორციელებდა სპილენძის, ბარიტის, ოქრო-ვერცხლის შემცველი კვარციტებისა და პოლიმეტალური მადნების მოპოვებას, პირველად გადამუშავებას, გამდიდრებასა და რეალიზაციას.

ნ. ფოფხაძე