მაზიაშვილი ბიძინა დიმიტრის ძე (9. V. 1928, ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 14. X. 2004, იქვე), სპორტსმენი (ძიუდო, სამბო). სსრკ დამს. მწვრთნელი ძიუდოში (1970), სსრკ სპორტის ოსტატი სამბოში, საქართვ. ფიზიკური კულტურის დამს. მუშაკი. დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ–ტი (1959). იყო საქართვ. ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი (1964–82 და 1993–95) და სსრკ ნაკრების (1970–81) მწვრთნელი. მიწვეული იყო იაპონიაში ქართული ჭიდაობის გაკვეთილების ჩასატარებლად (1990). მისი აღზრდილები არიან გ. გოგოლაური, ა. მარტყოფლიშვილი, ა. მუზაევი, ჯ. ნიჟარაძე, გ. ონაშვილი, რ. ხარშილაძე, ფ. ჩიკვილაძე (ძიუდო), გ. გიორგაძე, მ. ბერუაშვილი (სამბო). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997).