მაზმიშვილი ვალერიან ალექსანდრეს ძე

ვ. მაზმიშვილი

მაზმიშვილი ვალერიან ალექსანდრეს ძე [10. III. 1926, სოფ. ყარაღაჯი (ახლანდ. თელიანი, კასპის მუნიციპალიტეტი), – 21. VI. 2012, თბილისი], მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1979). სხვადასხვა დროს მუშაობდა პლეხანოვის კლუბის დრამატულ დასში (1943–45), მესხეთის (1945–48), მარჯანიშვილის (1948–50), გორის (1950–56), თბილ. სანკულტურის (1956–67), მოზარდ მაყურებელთა (1967) თეატრებში მსახიობად. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში – ბერი ჯიოვანი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“); გორის თეატრში – აბდულ სადაყი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ხოსიტა (ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“), ჰოფმარშალი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ტრუფალდინო (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“); სანკულტურის თეატრში – რიჩარდი (ა. კრონინის „იუპიტერი იცინის“), კავერინი (ა. გორჩაკოვის „ერთი ოჯახის ისტორია“), ექიმი მაკარიუსი (ს. პოპოვიჩის „უცნაური ავადმყოფი“) და სხვ.; თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში – ვალოდია (ა. ვოლოდინის „ჩემი უფროსი და“), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის, ბ. გამრეკელის „ნაცარქექია“), ჰამლეტი (ა. ჩხაიძის „როცა მთავრდება ბავშვობა“) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).