მაზნიაშვილი გიორგი ივანეს ძე

გ. მაზნიაშვილი

მაზნიაშვილი გიორგი ივანეს ძე (11. XII. 1872, სოფ. სასირეთი, გორის მაზრა, – 1937), გენერალი (1918). საქართვ. ეროვნ. გმირი (2013). რუსეთში სამხ. განათლების მიღების შემდეგ სამსახური დაიწყო არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904–05) და I მსოფლიო (1914–18) ომებში. დაიჭრა და მკურნალობდა პეტერბურგის ჰოსპიტალში, სადაც პირადად იმპ. ნიკოლოზ II-მ ინახულა და ომში გამოჩენილი მამაცობისათვის „ოქროს ხმალი“ და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი გადასცა. 1909 აღმ. ციმბირის მე-2 მსროლელთა პოლკის კაპიტანი იყო |1917 თებ. რევ. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტ. მონაწილეობა მიიღო ქართ. შენაერთების ჩამოყალიბებაში. იყო მე-2 ქართ. დივიზიის მეთაური. 1918, როცა თურქებმა შეტევა კვლავ წამოიწყეს, სარდლად მ. დანიშნეს. მან მდ. ჩოლოქთან შეაჩერა თურქების ჯარის წინსვლა, შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა და ბათუმი გაათავისუფლა. 1918 ზაფხულში, აფხაზეთში ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივი აჯანყების შემდეგ, მ. აფხაზეთის გენ.-გუბერნატორად და შავი ზღვის სანაპირო ჯარების სარდლად დაინიშნა. ივნისის II ნახ-ში მან კონტრშეტევა დაიწყო – ჯერ აფხაზეთი და შემდგომ, სოჭისა და ტუაფსეს ოლქები რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული ფორმირებებისაგან გაწმინდა. ამ სამხედრო ოპერაციის დროს ქართული ჯარების შესვლა ადლერში, სოჭსა და ტუაფსეში, ბოლშევიკური საფრთხის თავიდან აცილებით იყო განპირობებული. საქართველოს მთავრობის გეგმებში დაკავებული ქალაქების შემომატება არ შედიოდა. 1918 ოქტ. მ. თბილ. გენ.-გუბერნატორად დაინიშნა. საქართველო-სომხეთის ომის (1918 დეკ.) დაწყების შემდეგ მ. სარდლობდა შულავერი-სადახლოს ფრონტს. ეს ტერიტორია მისმა შენაერთებმა გაათავისუფლა. ქართული ნაწილების წინსვლა და სამხ. ოპერაციები ხელისუფლების განკარგულების საფუძველზე 31 დეკ. 24 საათზე შეწყდა. 1919 დასაწყისში მ. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გუბერნატორი იყო და ოსმალთა მიერ პროვოცირებული ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების ჩაქრობას ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ გენერლის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები მეტად მცირერიცხოვანი იყო, მან მაინც შეძლო პირველ ეტაპზე გარკვეული წარმატების მიღწევა, მაგრამ შემდგომ ვითარება შეიცვალა და ქართ. ჯარმა ახალციხე დატოვა. სამხ. მინისტრის ბრძანებით მ. თბილისში გაიწვიეს და მის ადგილზე გენ. გ. კვინიტაძე დანიშნეს. მ-ს აბსურდული ბრალდება – ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა – წაუყენეს და ახალციხის დატოვება დანაშაულად ჩაუთვალეს. ძიება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. სასამართლომ გენერალი გაამართლა და 1920 ოქტომბერში თბილისის გარნიზონის უფროსად დაინიშნა. 1921 თებერვალში, რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მ. მეთაურობდა ფრონტის ცენტრალურ – სოღანლუღის მიმართულებას. 18–19 თებერვალს მან დაამარცხა მოწინააღმდეგე და 1500 წითელარმიელი დაატყვევა. თბილ. დატოვების შემდეგ მონაწილეობდა ოსიაურთან განხორციელებულ კონტრშეტევაში – ლიხის ქედზე უღელტეხილების დაცვაში. დას. საქართველოში გადასვლის შემდეგ დაინიშნა არიერგარდის მეთაურად. წარმატებით შეაჩერა სენაკთან აფხაზეთის მხრიდან მომავალი საბჭ. რუსეთის სამხ. ქვედანაყოფები და ამით მთავრობას ბათუმში ევაკუაციის საშუალება მისცა. 1921 წ. 18–20 მარტს ბათუმიდან და ბათუმის ოლქიდან განდევნა თურქი ასკერები, რის შედეგადაც ეს მხარე კვლავ საქართვ. შემადგენლობაში დარჩა. საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში არ წავიდა და სამხ. სამსახური განაგრძო საბჭ. საქართველოს წითელ ჯარში (იყო ქვეითი დივიზიის მეთაური, მთ. სამხ. ინსპექტორი). 1923 დააპატიმრეს „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით და დახვრეტა მიუსაჯეს, მოგვიანებით განაჩენი შეუცვალეს და 5 წლით ქვეყნიდან გააძევეს. ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მშობლიურ სოფელში მეურნეობას მიჰყო ხელი. 1937 დააპატიმრეს და დახვრიტეს.

2006 ქართულ არმიაში დაწესდა მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“.

თხზ.: მოგონებანი (1917–1925), ბათ., 1990.

ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015; საქართველოს ისტორია, ტ. 4, თბ., 2012; სურგულაძე ა., სურგულაძე პ.. საქართველოს ისტორია, თბ., 1991; ჩაჩხიანი ა., რუსეთ–საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში 1918–20 წლებში, თბ., 2014; ჯანელიძე ო., საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბ., 2009.

მ. ბახტაძე