მათემატიკური ფიზიკა, ფიზიკური მოვლენების მათემატიკური მოდელების თეორია. ამ თეორიის ფარგლებში ვითარდება ფიზიკის ამოცანების ამოხსნისა და ფიზიკის თეორიის ფორმულირების მათემატიკური მეთოდები.
მ. ფ-ის მეთოდების დამუშავება დაკავშირებულია ი. ნიუტონის, ჟ. ლაგრანჟის, ლ. ეილერის, პ. ლაპლასის, ჟ. ფურიეს, კ. გაუსის, ბ. რიმანის და მრავალი სხვა მეცნიერის სახელთან.
ფიზ. მათ. მოდელების აღწერისას იყენებენ კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებებს, ინტეგრალურ განტოლებებს, ვარიაციულ და თეორ.-ალბათურ მეთოდებს, კომპლ. ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდებს და სხვ. აღნიშნული მეთოდების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა მათემატიკოსებმა: ა. რაზმაძემ, ნ. მუსხელიშვილმა, ი. ვეკუამ, ვ. კუპრაძემ, ი. კიღურაძემ, ა. ბიწაძემ, რ. გამყრელიძემ, ლ. ჟიჟიაშვილმა და სხვ. ამჟამად მ. ფ-ის მეთოდების კვლევა მიმდინარეობს მათემატიკის ინსტიტუტში.
პ. მამრაძე