გუჯარეთი

გუჯარეთი, სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. გუჯარეთისწყლის ზემოთში, მდინარის ორივე ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ოდეთი, ღინტური, წითელსოფელი). ზ. დ. 1600 მ , ბორჯომიდან 40 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. სოფელი ისტ. თორში მდებარეობდა. შემდეგ იგი ადმ.-ტერიტ. ერთეული გამხდარა, რაც დადასტურებულია ძვ. სომხ. გეოგრაფიაში „აშხარაცუიც" (VII ს.), სადაც იხსიენიება თორი და გუჯარეთისხევი. სოფლის ირგვლივ მდებარე ნოყიერი საძოვრების არსებობამ და ძამის, ტანის, თრიალეთის, ტაბაწყურ-ნარიანისა და გუჯარეთისწყლის ხეობებით მომავალი ურთიერთგადამკვეთი გზების ხელსაყრელმა თავმოყრამ განაპირობა გ-ის დაწინაურება. ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს ერთი გ., რევოლუციამდელ რუკებზე კი აღნიშნულია 2 გ. – დიდი და პატარა. ამ რუკების მიხედვით, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ირგვლივ დიდი გუჯარეთის ნასოფლარია, თანამედროვე გ. კი პატარა გ-ის ადგილასაა. დღევანდელ გ-ში ღვთისმშობლის ძვ. ეკლესიის ბუდეღაა დარჩენილი. წმ. ნიკოლოზის ეკლესია სოფლის დასავლეთით, ხევგაღმა შემაღლებულ ადგილზე დგას. ძეგლი ნაგებია უხეშად გათლილი რუხი მოჟანგისფრო ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შიგნით პილასტრების ერთი წყვილია, მასზე ამოყვანილია კამარის საბჯენი თაღი. კედლები შელესილ- შეთეთრებულია. შემორჩენილია ეკლესიის დანგრეული გალავანი, რ-ის ახლოს ნასოფლარია. ტაძარი XIX ს-შია აღდგენილ-გადაკეთებული, შენობის ქვედა ნაწილში ჩაყოლებული დიდი ზომის ქვები და გალავანი კი ყველაზე ადრინდ. ფენა უნდა იყოს. ეკლესიის პროპორციების, სარკმელთა გაფორმების და სამშენებლო ხელოვნების მიხედვით ეკლესია XVI–XVIII სს. განეკუთვნება.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., გ ი ო რ გ ი ძ ე მ., ჩ ა ჩ ხ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ც., ჭ ა ნ ი შ ვ ი ლ ი გ., გუჯარეთი, თბ., 1987.

დ. ბერძენიშვილი