მათე მახარებელი (ქ. კაპერნაუმი, გალილეა, – დაახლ. 60 წ. ქ. მირმენა, ეთიოპია), ქრისტეს 12 მოწაფეთაგანი, პირველი სახარების ავტორი. დაწერა (დაახლ. 41 წ.) ქრისტეს ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ. ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე.
სახარების მიხედვით მ. მ. მეზვერე (გადასახადების ამკრეფი) იყო. მას სტუმრობდა იესო ქრისტე კაპერნაუმში ყოფნის დროს, რის შემდეგაც მან დატოვა თავისი ოჯახი, ქონება და ქრისტეს მიმდევარი გახდა. სულთმოფენობის შემდეგ მ. მ-მა იქადაგა იერუსალიმში, მაკედონიაში, სირიაში, სპარსეთში, პართიაში, მიდიასა და ეთიოპიაში. მირმენაში ააშენა ტაძარი, სადაც ეპისკოპოსად თავისი მეგზური, პლატონი დაადგინა.
მ. მ-ის სახარება, განსხვავებით იოანეს, ლუკას და მარკოზის სახარებებისაგან, ქრისტეს გენეალოგიის გადმოცემით იწყება და მასში ძირითადად საუბარია ქრისტეს ხორციელქმნასა და განკაცებაზე. ამ თავისებურების გამო მ. მ-ის იკონოგრაფიული სიმბოლოა ფრთებიანი ყმაწვილი.
მ. მ. მოწამეობრივად აღესრულა. X ს-ში წმინდანის ნაწილები სალერნოში (იტალია) გადაასვენეს. მართლმადიდებელი ეკლესია მახარებლის ხსენების დღეს 16 (29) ნოემბერს აღნიშნავს.
ქართულ იკონოგრაფიაში, სხვა მახარებლებთან ერთად, მ. მ. ხშირადაა გამოსახული.
ლიტ.: უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება, თბ., 1997.