მათეოს განძასარელი

მათეოს განძასარელი, XV ს. სომეხი მემატიანე, მონაზონი. მ. გ-ს შეუდგენია „საწელიწდო“, რ-ის თანდართული ანდერძი (1417) გვაწვდის ცნობას XV ს. 20-იანი წლების საქართვ. ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის, ყარა-ყოიუნლუს თურქმანებთან ქართველებისა და შარვანელების ერთობლივი ბრძოლის შესახებ. 1411 ყარა-იუსუფი შარვანში შეიჭრა. შარვან-შაჰმა დახმარება სთხოვა საქართვ. მეფეს კონსტანტინე I (1407–11), რ-იც 2000 მხედრით შეეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში, მოკავშირეების შეუპოვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი დამარცხდნენ. კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი. ეს ცნობა ქართული წყაროებითაც (ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი; ვახუშტი) დასტურდება. მ. გ-ის ანდერძთან ქართული წყაროების შეჯერებით ვიგებთ არა მხოლოდ კონსტანტინე I-ის მოკვლის ადგილს, არამედ მიზეზსაც.

ლიტ.: აბულაძე ი., მათეოს განძასარელის ცნობა ქართველთა მეფის კონსტანტინეს შესახებ, „ენიმკის“ მოამბე, 1940, ტ. 5–6;საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1982 (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3).