მათეოს ურჰაეცი, მათე ურჰაელი, ედესელი, XII ს. I ნახევრის სომეხი ისტორიკოსი. ცხოვრობდა ედესაში (ახლანდ. ურფა, თურქეთი). მისი ნაშრომი „ჟამთააღმწერლობა“ შედგება სამი ნაწილისაგან და მოიცავს 952–1136 ისტ. მოვლენებს. უფრო მნიშვნელოვანია მეორე (1051–1101) და მესამე (1101–36) ნაწილები. მ. უ-ის ნაშრომი, სომხ. ისტორიის გარდა, შეიცავს ცნობებს ახლო აღმოსავლეთსა და, კერძოდ, საქართველოზე. იგი აღფრთოვანებით აღწერს იმ წარმატებებს, რ-ებიც საქართველომ მოიპოვა დავით IV აღმაშენებლის მეფობის ჟამს; დაწვრილებით აღწერს დიდგორის ბრძოლასა და თბილისის გათავისუფლებას. მ. უ-ის თვალსაზრისით, დავით აღმაშენებლის ეპოქის საქართველოს შესწევდა უნარი, თურქ–სელჩუკთა გამანადგურებელი ბატონობისაგან ეხსნა სომხეთი და საქართველომ იტვირთა კიდეც ეს მისია. მ. უ. სომეხ ისტორიკოსთა იმ ჯგუფს განეკუთვნება, რ-იც ერთიანი ქართ. მონარქიის დახმარებით ფიქრობდა სომხ. სახელმწიფოს აღდგენას; „ჟამთააღმწერლობა“ ფართოდაა გამოყენებული ქართ. ისტორიოგრაფიაში.
ლიტ.: დავლიანიძე ლ., მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, მთ. რედ. რ. მეტრეველი, ტ. 2, თბ., 1999; Абегян М. Х., История древнеармянской литературы, Ер., 1975.
გ. მაისურაძე