მათიკაშვილი ნიკოლოზ ლავრენტის ძე

მათიკაშვილი ნიკოლოზ ლავრენტის ძე (8. IV. 1900, სოფ. პატარძეული, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 1993, ვარშავის გარეუბანი ზალესიე), სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. პოლონეთის არმიის შტაბს–კაპიტანი (1939). ქართ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაამთავრა თბილ. ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1917), 1920 შევიდა თსუ-ის სამეურნეო (აგრონ.) ფაკ-ტზე, რ-იც ჯარში სამსახურის გამო მიატოვა, შემდეგ სწავლობდა თბილ. იუნკერთა სასწავლებელში. იყო 1921 თებერვლის კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლის, ხოლო 1921 მარტში – თურქების წინააღმდეგ ბათუმის ბრძოლების აქტ. მონაწილე. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვ. დემოკრ. რესპ-ის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ვარშავის ოფიცერთა სკოლის დამთავრების შემდეგ (1923) პოდპორუჩიკის წოდებით ჩაირიცხა პოლონეთის ეროვნ. არმიაში. 1932 დაამთავრა ვარშავის სამხ. აკადემია. 1939–43 იყო დივიზიის შტაბის უფროსის თანაშემწე. მონაწილეობდა 1944 ვარშავის აჯანყებაში, სადაც მძიმედ დაიჭრა და გერმანელების ტყვედ ჩავარდა. 1945–50 კვლავ პოლონეთის არმიაში დაბრუნდა. 1950-იდან ეწეოდა პუბლიც. და მთარგმნელობით საქმიანობას. 1951–70 რამდენჯერმე აირჩიეს პოლონეთის ორიენტალისტთა სამეცნ. საზ-ბის პრეზიდენტად. ჟურნ. „ორიენტალისტურ მაცნეში“ გამოქვეყნდა მ-ის არაერთი ნაშრომი საქართვ. ისტორიასა და ქართ. მუს. კულტურაზე, ქართ. ფოლკლორზე, „ვეფხისტყაოსანზე“ და ა. შ. გარდა ამისა, თანამშრომლობდა ქართ. ემიგრაციულ პრესასთან („ივერია“, „თავისუფალი ტრიბუნა“ და სხვ.). მ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველო-პოლონეთის საზ-ბის საქმიანობაში, იყო ამ საზ-ბის საპატიო თავ-რე (1992–94). 1988 მან მ. კვალიაშვილთან ერთად ჟურნ. „ივერიაში“ (პარიზი) გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი „იუნკრები“, რ-იც 1990 თბილისში ცალკე წიგნად გამოიცა.

დაჯილდოებული იყო პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენით „ვირტუტი მილიტარი“. დაკრძალულია ვარშავაში ბროდნოვსკის სასაფლაოზე.

თხზ.: იუნკერები და სხვები, თბ., 2016.

ლიტ.: გრიშიკაშვილი ა., ნიკოლოზ მათიკაშვილი – ქართველთა ნესტორი პოლონეთში, წგ.: ქართველები პოლონეთში, თბ., 2008; დაუშვილი რ., ნიკოლოზ მათიკაშვილი, წგ.: საქართველო-დასავლეთი: ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 2012.

ლ. ურუშაძე