მათხოჯის მღვიმე, მღვიმე ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. მათხოჯში, მდ. ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. მღვიმის შეფარდებითი სიმაღლეა 150 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. შედგება რამდენიმე დარბაზისაგან. ჯამური სიგრძეა 55 მ. ქიმიური ნალექებიდან აღსანიშნავია სტალაქტიტები და კბილისებრი ნაღვენთები, მექანიკურიდან – ნგრევის ადგილობრივი მასალები, თიხები. მ. მ. მშრალი მღვიმეა. მასში გვხვდება შუა საუკუნეების შუახანის კულტურული ნაშთები (კერამიკის ნამტვრევები).