მაიაკოვსკი ვლადიმერ ვლადიმერის ძე [7(19). VII. 1893, სოფ. ბაღდათი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 14. IV. 1930, მოსკოვი], რუსი პოეტი, რუს. კლასიკური პოეზიის რეფორმატორი. დაიბადა მეტყევის ოჯახში. 1902-იდან სწავლობდა ქუთ. გიმნაზიაში. მამის გარდაცვალების (1906) შემდეგ ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ლექსების წერა დაიწყო 1909. პირველი ლექსები ალმანახში „პოშჩიოჩინა ობშჩესტვენნომუ ვკუსუ“ გამოაქვეყნა 1912, ლექსების პირველი კრებ. „მე!“ – 1913. მასვე ეკუთვნის პოემები: „შარვლიანი ღრუბელი“ (1914–15), „ფლეიტა ხერხემალი“ (1916), „ამის შესახებ“ (1923), „კარგია“ (1927) და სხვ.; პიესები: „მისტერია-ბუფი“ (1918), „ბაღლინჯო“ (1928), „აბანო“ (1929) და სხვ., ტრაგედია „ვლადიმერ მაიაკოვსკი“ (1913); „ვლადიმერ ილიას ძე ლენინი“ (1924). ლექსების ციკლი „პარიზი“ (1924–25), „ლექსები ამერიკაზე“ (1925–26), „ლექსები საბჭოთა პასპორტზე“ (1929) და სხვ.
საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა მ-მ კარგად იცოდა ქართ. ენა. მან რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში (1914, 1924, 1926, 1927). აქ იგი დაუახლოვდა ლიტერატორთა და მხატვართა საზ–ბას (ს. ჩიქოვანი, ნ. შენგელაია, ი. გამრეკელი და სხვ.). თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაში კითხულობდა ლექსებს, ლექციებს. პრესა აშუქებდა პოეტის გამოსვლებს, ყურადღებით ეკიდებოდა მის შემოქმედებას. ქართ. თემა აისახა მ-ის ლექსებსა და პოემებში: „ვლადიკავკაზი–თბილისი“, 1924; „ჩვენს ახალგაზრდობას“ 1927; „მექსიკა“, „თამარი და დემონი“; თუმცა, როგორც აღნიშნავდა პოეტი, იგი კვლავ „ვალში იყო ბაღდათის ზეცის წინაშე“. მ-მ თბილისში დაწერა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები („საიუბილეო“, „თამარი და დემონი“, „ამბოხის გუგუნით“ და სხვ.), რ-ებიც პირველად გაზ. „ზარია ვოსტოკაში“ გამოქვეყნდა.
პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მ-ის ლექსების თარგმნა საქართველოში პოეტის სიცოცხლეშივე დაიწყო. პირველი კრებულები დაიბეჭდა 1931, 1938, 1940 (მთარგმნელები: პ. იაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი, კ. ნადირაძე, მ. პატარიძე, ი. აბაშიძე, ვ. ჯავახაძე და სხვ.). 1940–90 მ-ს სახელს ატარებდა სოფ. ბაღდათი და ბაღდათის რ-ნი. 1941 ბაღდათში დაარსდა პოეტის სახლ-მუზეუმი.
თხზ.: რჩეული, თბ., 1952; ლექსები, თბ., 1963, 1973; კარგია, თბ., 1970; პოემები, თბ., 1975; ღრუბელი შარვლით (პოემა), თბ., 2013; ამის შესახებ (პოემა), ქუთ., 2016; ოთხი პოემა, თბ., 2017; თორმეტი ლექსი, ორი პოემა, თბ., 2018; თქვენ შეძლებდით? ვლადიკავკაზი–ტფილისი (ლექსები), თბ., 2019; Полн. собр. соч. т. 1–13, М., 1955–61.
ლიტ.: კიკნაძე კ., მაიაკოვსკი: მეცამეტე მოციქული, ქუთ., 2017; ლაფერაშვილი ვ., მაიაკოვსკი საქართველოში, თბ., 1957; მაიაკოვსკაია ა., ვლადიმერ მაიაკოვსკის ბავშვობა და სიჭაბუკე, თბ., 1961.
დ. თუხარელი