მაია წყნეთელი, XVIII ს. II ნახევრის ქართველი სახალხო გმირი, მათე ყაჩაღად წოდებული. გვარი ცნობილი არაა. ზეპირსიტყვიერი გადმოცემით, მ. წ-თვის ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, რის გამოც მამამისმა თავი ჩამოიხრჩო, დედა კი შიმშილით დაიღუპა. შურისძიების გრძნობით გამსჭვალულმა კაცურად გადაცმულმა მ. წ-მა ერეკლე II-ის კარზე დაიწყო სამსახური. მას ბევრჯერ გაუთავისუფლებია მებატონეების მიერ ყიზილბაშებზე გაყიდული ქალ-ვაჟები. მებატონეთა დაბეზღებამ აიძულა ყაჩაღად გავარდნილიყო. დაღუპულა სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
მ. წ-ის თავგადასავალი აისახა ქართ. ფოლკლორში, აგრეთვე თეატრსა და კინოში.
ლიტ.: გარსევანიშვილი ა., გმირი ქალი მათე ყაჩაღად წოდებული, ქუთ., 1915; სიხარულიძე ქ., ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949; ქორიძე დ., სახელოვანი ქართველი ქალები, თბ., 1965.