მაისაია ვალერიან რაჟდენის ძე (28. III. 1929, სოფ. მუხურჩა, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 10. III. 1979, თბილისი), ნეიროქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1974).
1954 დაამთავრა თსსი. 1960–72 მუშაობდა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ექსპერ. ლაბორატორიაში, შემდეგ – ნეიროქირურგიულ განყ-ბაში. 1972–73 იყო ექსპერ. და კლინიკური ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი მუშაკი; 1973–76 – თსსი-ის ბავშვთა ქირურგიის, 1976-იდან – ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი; 1978-იდან – ბავშვთა რესპ. საავადმყოფოს, ამიერკავკასიაში პირველი ნეიროქირურგიული განყ-ბის დამფუძნებელი (შემდგომში გამგე).
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ეხება ნეიროქირურგიისა და ნეიროფიზიოლოგიის აქტუალურ საკითხებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი (1970).