მაისაშვილი სევერიან დავითის ძე (21. IX. 1900, თბილისი, – 21. II. 1980, იქვე), ფერმწერი, მინიატიურისტი, გრაფიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1967). სწავლობდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიასა (1923–25) და თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (დაამთავრა 1931). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930-იდან, მ. შ. იყო რესპუბლიკათშორისი სამხატვრო გამოფენა თბილისსა (1942) და მოსკოვში (1943), საკავშირო სამხატვრო გამოფენა (ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეა). 1967 და 1970 თბილისში ჩატარდა მისი პერსონალური გამოფენები. თავდაპირველად გრაფიკის დარგში მუშაობდა, მომდევნო წლებში შექმნა ბატალური სურათების სერია: „გიორგი სააკაძის ბრძოლა სპარსელებთან მარაბდის ველზე“ (1941), „ნასაკირალის ბრძოლა“, „კრწანისის ომი“ (ორივე 1958), „ასპინძის ომი“ (1966) და სხვ. იგი პირველი ქართველი ხელოვანია, რ-მაც ტრადიციების გათვალისწინებით განავითარა თანამედროვე ქართული მინიატიურული ხელოვნება. მისი ნამუშევრები: „იშვიათი ნანადირევი“ (1946), „ყურძნის კრეფა გურიაში“ (1946), „კალოობა სვანეთში“ (1948), „ურმული“ (1948) დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნების მუზეუმში. 1951–76 მ-მა შექმნა მინიატიურების ციკლი „ძველი თბილისი“ (მხატვრის სახელოსნო). იგი წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკაში [ა. ყაზბეგის რჩეული (1935–37), ს.-ს. ორბელიანის იგავ-არაკები (1938; შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი) და სხვ.]. მ-ის ესკიზების მიხედვით შეიქმნა საიუბილეო საფოსტო მარკა შოთა რუსთაველის პორტრეტით (1937) და საქ. სსრ დროშა (1951).
თ. გერსამია