მაისის ხოჭო, მაისის ღრაჭა, ფირფიტულვაშა ხოჭოების 3 სახეობის ზოგადი სახელწოდება. მ. ხ-ს სიგრძეა 20–32 მმ; აქვს შავი, თეთრი ბუსუსებით მოფენილი სხეული, თავი და წინაზურგი, ულვაშები, ზედა ფრთები, ფეხები მოწითალო-რუხიდან მოშავო-ყავისფრამდეა. აღსანიშნავია დასავლური მ. ხ. (Melolontha melolontha), რ-იც გვხვდება მხოლოდ ევროპაში; აღმოსავლური მ. ხ. (Melolontha hippocastani) გავრცელებულია ევროპასა და აზიის ჩრდ. ნაწილში (სამხრ. საზღვარი გადის მდ. დუნაიზე, ოდესის, ურალსკის, ალთაის, შანხაის ზოლზე); ამიერკავკასიის მაისის ღრაჭა (Melolontha pectoralis) გვხვდება სამხრ. ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. მრავლადაა საქართველოს ტყისა და ტყე-ველის ზონაში. ზრდასრული ხოჭოები ფრენას იწყებენ მაისის დამდეგს, სამხრეთ რ-ნებში – აპრილის ბოლოს. კვერცხებს დებენ ხის ფესვების ყელთან. მ. ხ. 4–5 წელიწადში ერთ თაობას იძლევა. მატლები ყველაზე მეტად აზიანებენ ფიჭვის ნერგებს, რ-ებიც სწრაფად იღუპებიან ან ზრდაში ჩამორჩებიან.
ე. აბაშიძე
ა. ბუხნიკაშვილი