მაისურაძე ალექსანდრე

მაისურაძე ალექსანდრე (15. VIII. 1884, სოფ. დვირი, ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი, – 19. XII. 1918, ეკატერინენფელდი, ახლანდ. ბოლნისი), პოლიტიკოსი და სამხედრო მოღვაწე, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთ. შტაბის წევრი, სოც.-დემოკრ. პარტიის წევრი. ა. დგებუაძესთან ერთად იყო სახალხო გვარდიის ფაქტობრივი მეთაურის, ვ. ჯუღელის უახლოესი დამხმარე და თანამებრძოლი. 1917 წ. 12 დეკემბერს აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილ. არსენალის რუსული გარნიზონის განიარაღებაში, 1918 ზამთარში და გაზაფხულზე – ქართული ნაციონალური პოლკების ბოლშევიკური გამოსვლების ჩახშობაში, ოსმალური ნაწილების შეჩერებასა და 1918 ზაფხულში – აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ბოლშევიკებისაგან გაწმენდის ოპერაციაში. დაიღუპა სომხეთ-საქართველოს ომში, ეკატერინენფელდის (ახლანდ. ბოლნისი) ბრძოლის დროს.

ლიტ.: საითიძე გ., ვინ იყო ალექსანდრე (სანდრო) მაისურაძე, „საისტორიო ვერტიკალები“, 2002, №2; სანდრო მაისურაძე 1884–1920, რედ. რ. არსენიძე, თბ., 1920; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018.

დ. სილაქაძე