მაისურაძე ბადრი ჯემალის ძე (დ. 13. XI. 1958, თბილისი), მომღერალი (ტენორი). რფ-ის დამს. არტისტი (2005). 1982 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (პედ–ები: დ. ალექსიძე, მ. თუმანიშვილი), 1989 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ვოკალი, გ. ბეჟუაშვილის კლასი). 1988–90 სტაჟირება გაიარა მოსკ. დიდ თეატრში (ხელმძღვ. – ზ. სოტკილავა). 1994–2016 იქვე იყო წამყვანი სოლისტი და წარმატებით ასრულებდა ტენორის თითქმის ყველა სარეპერტუარო პარტიას. 1989–92 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის (მისი დებიუტი შედგა ო. თაქთაქიშვილის ოპერა „მინდიაში“), 1993–94 – ბათუმის ოპერის წამყვანი სოლისტი; 2002-იდან – გ. ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორი. 2016-იდან დღემდე არის თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ წლებში თეატრის სცენაზე შედგა 18 პრემიერა (ჯ. ვერდის „აიდა“ და „ბედის ძალა“, გ. დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“ და სხვ.). 2019–22 იყო საქართვ. განათლების, მეცნ., კულტ. და სპორტის მინისტრის მოადგილე. 2018 თბილისში დააარსა ვოკალისტთა საერთაშ. კონკურსი, 2019 კი – ვერდის საერთაშ. ფესტივალი. გამოდიოდა და მართავდა მასტერკლასებს მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში (ლა სკალა, ვენის შტაატსოპერა, ბერლინის დოიჩე ოპერა, ფლორენციის კომუნალე, მადრიდის რეალ თეატრი, ნეაპოლის სან კარლო, ბარსელონის ლისეო, შვეციის სამეფო, ისრაელის, ავსტრიის, ტულონის, ლიეჟის, ირლანდიის და სხვ.).
მ-ს შესრულებული აქვს მრავალი წამყვანი პარტია: ალფრედი, რადამესი, რიჩარდი, კარლოსი, ოტელო (ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „აიდა“, „ბალ–მასკარადი“, „ჟანა დ‘არკი“, „ოტელო“), კავარადოსი, კალაფი, დე გრიე, პინკერტონი, ჯონსონი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“, „ტურანდოტი“, „მანონ ლესკო“, „ჩიო-ჩიო-სანი“, „ქალიშვილი დასავლეთიდან“); ტურიდუ (პ. მასკანის „სოფლის პატიოსნება“), კანიო (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“), სამსონი (კ. სენ-სანსის „სამსონ და დალილა“). ანდრეი, გერმანი (პ. ჩაიკოვსკის „მაზეპა“, „პიკის ქალი“), ცრუ დიმიტრი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“) და სხვ. ტენორის პარტიები შეასრულა ლ. ბეთჰოვენის IX სიმფონიასა და ბ. ბრიტენის „სამხედრო რეკვიემში“. მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში. მ. არის ვოკალისტთა ფ. ვინიასის (ესპანეთი) და ი. ბიორლინგის (შვედეთი) სახ. საერთაშ. კონკურსების ლაურეატი (ორივე 1994); საერთაშ. ვოკალური კონკურსების ჟიურის წევრი: „ვერდის ხმები“ ბუსეტოში, ვ. ბელინის სახ. პარიზში, გ. ვიშნევსკაიას სახ. მოსკოვში, ჯ. მარტინელის და ა. პერტილეს კონკურსი მონტანიანაში (თავ-რე).
ლიტ.: ახმეტელი მ., მომავლის მომღერალი, „ხელოვნება“, 1998, № 9–10; ბუხრიკიძე დ., ნადარეიშვილი მ., შვიდი პატარა დოკუმენტური ნოველა ქართველ მომღერლებზე, „ანაბეჭდი“, 2007, №23.